თეგებით ძიება

რეკორდი, რომელიც ვერავინ მოხსნა - როგორ ააშენეს „ხრუშოვკა“ სამ დღეში?

1950-იანი წლების დასასრულს საბჭოთა კავშირში საცხოვრებელი ფართის მწვავე უკმარისობა იგრძნობოდა. ქალაქები გადატვირთული იყო, ხოლო მოსახლეობის ზრდის ტემპი მშენებლობის სისწრაფეს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. აგურით მშენებლობა შრომატევადია, შესაბამისად, ინდივიდუალურ პროექტებს დიდი დრო მიჰქონდა, ამიტომ პრობლემის გადასაჭრელად სასწრაფოდ რადიკალური ზომების მიღება იყო საჭირო. სწორედ ამ პერიოდში ვიტალი ლაგუტენკოს პროექტით 3-5 სართულიანი პანელებიანი ან აგურის მრავალბინიანი სახლების – ე.წ. „ხრუშჩოვკების“ მასობრივი მშენებლობა დაიწყო. პროცესი იმდენად სწრაფი და ეკონომიური გამოდგა, რომ ამ ტიპის ბინების მშენებლობა მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყეს, რაც თითქმის 1980-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. ეს იყო უპრეცედენტო პროექტი, რომელმაც საბჭოთა ქალაქების სახე სამუდამოდ შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ 5-სართულიანი პანელის შენობების აშენების იდეა ხრუშჩოვს საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც გარეუბნებში მუშების სტანდარტული სახლები ნახა. ფრანგულ პროექტებთან შედარებით, საბჭოთა „ხრუშჩოვკები“ უფრო მარტივი იყო და სწრაფადაც შენდებოდა.

ერთი ხუთსართულიან სახლის აშენებას საშუალოდ 12 დღე სჭირდებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი 7 დღეც ჰყოფნიდა. დროის ეკონომიის თვალსაზრისით აბსოლუტური რეკორდი К-7 სერიის სახლების მშენებლობამ დაამყარა - მათ ასაშენებლად ორ კვირაზე მეტი არ იყო საჭირო. მშენებლობის დაჩქარებაში გადამწყვეტი როლი პანელურმა ტექნოლოგიამ ითამაშა. რკინაბეტონის პანელებს ქარხნებში ამზადებდნენ, ხოლო სამშენებლო მოედანზე მათ კონსტრუქტორის პრინციპით, სწრაფად აწყობდნენ. „მშრალი“ მეთოდი ადგილზე ბეტონთან მუშაობის აუცილებლობას გამორიცხავდა, ხოლო პანელების შედუღების მეთოდით შეერთება შესაძლებელს ხდიდა მონტაჟის დასრულებისთანავე ადამიანების შესახლებას.

სახლების არქიტექტურა მაქსიმალურად გამარტივებული იყო: პატარა სამზარეულოები, დაბალი ჭერი და ლიფტის არარსებობა როგორც დროს, ასევე ხარჯებს ამცირებდა. სამუშაოები სხვადასხვა ბრიგადების მიერ პარალელურად მიმდინარეობდა: ზოგი პანელების მონტაჟს ახორციელებდა, ზოგი  – შიდა მოპირკეთებას. ზოგ შემთხვევაში მშენებლობის არასტანდარტული მეთოდები გამოიყენებოდა, მაგალითად, „ზევიდან ქვევით“ მშენებლობა, რაც ტექნიკის გამოყენების საჭიროებას ამცირებდა.

სამშენებლო კომბინატები წარმოებას, ტრანსპორტირებას და მონტაჟს აერთიანებდა, რაც ერთმანეთთან შეთანხმებულ მშენებლობას და სამუშაო დროის დანაკარგის შემცირებას უზრუნველყოფდა.

1971 წელს საბჭოთა ინჟინრებისა და მშენებლების წარმოუდგენელი რეკორდი დამყარდა: სვერდლოვსკის სამშენებლო კომბინატის სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და 1-468Б სერიის ხუთსართულიანი პანელური სახლი სულ რაღაც 57 საათში ააგეს. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, 3 დღეზე ნაკლებ დროში!

დღეს თბილისში არაოფიციალური ინფორმაციით, 512 „ხრუშოვკაა“, სადაც 12 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ „ხრუშოვკები“ უმოკლეს ვადებში შენდებოდა, მათგან ბევრი დღემდე შესანიშნავად არის შენახული, ზოგიერთს კი ავარიულობის ისეთი მაღალი ხარისხი აქვს, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშიც კია. ამიტომ ასეთ ბინებს მყიდველი თითქმის აღარ ჰყავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა