თეგებით ძიება

დამრეცი სახურავი შენობაზე დაწოლასაც ამცირებს და თოვლიც ადვილი ჩამოსაყრელია.. ფინელების გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, ბევრ უბედურებას ავიცილებთ თავიდან - გია პეტრიაშვილი

გურიაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა, რთული რელიეფისა და თოვის ინტენსივობის გამო მდგომარეობა რთული რჩება.  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რადენიმე საათის განმავლობაში, გურიაში მეხუთე სახლი ჩამოინგრა და რამდენიმე უმძიმეს მდგომარეობაშია. რა გვასწავლა თებერვლის დიდთოვლობამ და როგორ უნდა ავირიდოთ მსგავსი პრობლემები მომავალში? - ამ კითხვებით TIA.GE-მ    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერს, „ჭკვიანი ფანჯრებისა“ და ამრეკლავი დისპლეების გამომგონებელს  გია პეტრიაშვილს მიმართა

_  ბოლო დღეებში, დასავლეთ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ადამიანები აიძულა საცხოვრებელი სახლების თოვლისგან დაცვის საშუალებები ეძებნათ. სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ზოგი სახურავების მოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებას ურჩევს, ზოგი - წყალგამძლე მასალების გამოყენებას. „ჭკვიანი ფანჯრების“ შემქმნელი რა აზრისაა? შეიძლება თუ არა „ჭკვიანი სახურავის“ შექმნა, რომელიც თოვლს ადამიანის დაუხმარებლად გაუმკლავდება? 

_ სახურავზე მოყინვის საწინააღმდეგო სითხე ძალიან ბევრი დაგვჭირდება და შეიძლება არც უშველოს. თან ერთი და ორი სახლი ხომ არაა? ძალიან დიდ ფართობებზეა საუბარი. აჭარაში, გურიაში, რაჭაში, ზემო იმერეთში და სხვა ისეთ ადგილზე მცხოვრებ ადამიანს, სადაც დიდი რაოდენობით თოვლი მოდის და მუდმივად სახლების გადათოვლის პრობლემაა, ვურჩევდი, რომ სახლებს დამრეცი სახურავები გაუკეთონ. აქ არაფერი ახალი არ არის, ყველაფერი ძველი და ტრადიციულია. უბრალოდ, ფინეთში, სადაც ყოველთვის უხვად თოვს, ხალხი დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ დამრეცი სახურავი უამრავი პრობლემისგან იცავს. ჯერ ერთი, რაც არ უნდა დიდი თოვლი მოვიდეს, როდესაც დამრეცი სახურავია, გრავიტაციის ე.წ. მდგენელი გადახრილია, ამიტომ შენობაზე დაწოლა ძალიან მცირდება და მეორე  - ასეთი სახურავიდან თოვლის ჩამოყრა გაცილებით მარტივია, ვიდრე ბრტყელი სახურავიდან. 

_  იდეალურ სახურავს როგორი დახრის კუთხე უნდა ჰქონდეს?

_ ალბათ გაშლის კუთხე 30-40 გრადუსი უნდა იყოს. ეს გაცილებით შეამცირებს ამ უბედურებებს და დაზიანებებს, რაც ახლა ხდება. რა თქმა უნდა, თბილისში ამის გაკეთება საჭრო არაა, მაგრამ იმ რეგიონებში, სადაც ხშირად თოვს, ასეთი სახურავები რისკებს და უარყოფით შედეგებს ძალიან შეამცირებს. ამასთან, დახრილი სახურავი არც ძვირი ჯდება და სახურავის მასალაც შეიძლება ისეთი შეირჩეს, რომელიც თოვლს არ დაიჭერს და როგორც კი ოდნავ მზე ამოვა, თავისით ჩაცურდება ან ჯოხით შეშველებაც საკმარისი იქნება. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ამაში მთავრობაც ჩაერევა და სახურავების შეცვლაში მოსახლეობას დაეხმარება. თავის დროზე ასეთი სახურავები ფინეთშიც იგივე მიზეზით შეიქმნა და ამ გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, ბევრ უბედურებას ავიცილებთ თავიდან. 

_ თქვენს ენერგოეფექტურ გამოგონებებზეც გვიამბეთ. „ჭკვიანი ფანჯარა“ და ამრეკლავი დისპლეები რისთვის შეიქმნა?

- მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 30%-40% შენობებში გათბობის, გაგრილების, განათებისა და ვენტილაციის სახით იხარჯება. ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია ისეთი ფანჯრების გამოყენებით, რომელსაც მზის ენერგიისა და შემომავალი ხილული სინათლის ინტენსიობის მართვა შეუძლია. ექსტრემალურ პირობებში, როდესაც ქარი და დიდთოვლობაა ან ელექტროენერგია სხვა მიზეზით წყდება, ენერგოეფექტურ, „ჭკვიან ფანჯარას“ შეუძლია მზის ენერგია ელექტრენერგიად გარდაქმნას. სულ მცირე, კომპიუტერების და მობილურების ჩართვას აუცილებლად შეძლებს და შეიძლება გამათბობელიც ჩართოს. ასეთი ფანჯარა მარტო ექსტრემალურ სიტუაციებში კი არა, შეიძლება მთაშიც გამოგვადგეს, სადაც ტრადიციული მეთოდებით ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობა ნაკლებადაა,, თუმცა „ჭკვიანი ფანჯრები“ ძირითადად, იმისთვის გამოიყენება, რომ ზაფხულის პირობებში, ცხელ ქვეყნებში ზედმეტი სითბო ანუ მზის ენერგიას აირეკლოს და ნაწილი ელექტროენერგიად გარდაქმნას. მზის გამოსხივების შემცირებით კონდიციონერს ნაკლები სამუშაო აქვს და დაახლოებით 30% ელექტრონერგიის დაზოგვა შეიძლება. მე ასევე ვამუშავებ მზის ელემენტებს რომელიც იმისთვის არის, რომ მზის ენერგია გარდაიქმნას ელექტრენერგიად. 

რაც შეეხება ამრეკლავ დისპლეებს, მათი გამოყენება შესაძლებელია სმარტფონებში, პლანშეტურ კომპიუტერებში, ელექტრონულ წიგნებში, ელექტრონულ საკრედიტო ბარათებსა და 3D დისპლეებში. ეს დისპლეი არსებული ანალოგებისგან მაღალი კონტრასტულობითა და გარჩევადობით განსხვავდება, დაბალ ძაბვაზე მუშაობს და არ მოითხოვს დამზადების რთულ ტექნოლოგიას. 

- წარმატებებს გისურვებთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა