თეგებით ძიება

უძრავი ქონების ბაზარზე რისკები გაზრდილია..ყველა რაღაცას ელოდება და ამ ლოდინში შესაძლოა, ბაზარი გასკდეს - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე რისკები გაზრდილია. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ერთი მხრივ მომხმარებლების დიდი ნაწილი მოლოდინის რეჟიმშია გადასული, მეორე მხრივ კი ბანკები ახალ პროექტებს აღარ აფინანსებენ. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ კი შესაძლოა კომპანიებს კაპიტალის შიმშილი გაუჩინოს, ეს კი ბაზრის აფეთქების წინაპირობა გახდეს.

"რისკებს ვხედავ, განსაკუთრებით მაფიქრებს ის რომ ერთი მხრივ აშენებული კორპუსების დიდი ნაწილი გაყიდულია, მაგრამ მეორე მხრივ ასევე ვხედავთ, რომ ინტერესი უფრო აშენებულ კორპუსებზეა. ანუ მომხმარებელი შედარებით სკეპტიკურად აფასებს ისეთ მშენებლობას, რომელიც ჯერ არ დაწყებულა. ანუ მას უჩნდება ეჭვი აშენდება თუ არა. ეს თუ გაჩნდა და კომპანიებს გაუჩნდათ კაპიტალის შიმშილი, რისი ნიშნებიც უკვე არის, ეს ზიანის მომტანი იქნება ბაზრისთვის. ერთგვარ თამაშს ვიღებთ, სადაც ყველა რაღაცას ელოდება და ამ ლოდინში შესაძლოა ბაზარი გასკდეს.

სამწუხაროდ ჩვენ დეტალური ინფორმაცია ფინანსურ სტაბილურობაზე და სამშენებლო კომპანიების ბუფერებზე არ გვაქვს. მთავარი კითხვა დღეს რაც ანალიზისთვის იქნებოდა კარგი, არის რამდენად საკუთარი კაპიტალით უზრუნველყოფილია სამშენებლო სექტორი რათა მოახერხოს დაწყებული მშენებლობების დასრულება. თუ ეს აქვს, მაშინ რისკები მცირეა, რადგან შენელებული მოთხოვნის მიუხედავად, დავინახავთ რომ მშენებლობები გრძელდება და დასრულდება. ეს იქნება კარგი სცენარი.

თუ პროექტები მართლაც 100%-ით ბანკის მხრიდან არის უზრუნველყოფილი, როგორც ეს რეკლამებშია, მაშინ მე მჯერა რომ საბანკო სექტორს აქვს ამის რესურსი და ამას დაასრულებს. თუმცა ამ შემთხვევაში აქ მთავარი კითხვაა, მართლაც ასეა თუ არა, ვეჭვობ რომ ასე არ იქნება. ასეთ შემთხვევაში მშენებლები უკვე რისკის ქვეშ არიან და აქ უკვე განსაკუთრებულად მგრძნობიარე ბაზარზე ვსაუბრობთ. თუნდაც ერთი სამშენებლო კომპანიის გაკოტრება იქნება ძალიან დიდი დარტყმა სექტორზე. შეიძლება ერთი კომპანიის გაკოტრებამ გამოიწვიოს სექტორზე მძიმე დარტყმა. ჩვენ გვაქვს მაგალითები როგორ ფეთქდება უძრავი ქონების ბაზარი ყველაზე სუსტ რგოლის გაკოტრებით.

ამიტომ აქ გამოწვევას ვხედავ იმაში რომ ამის ზედამხედველობა არ ხდება. ვინც ამას უყურებს და არეგულირებს თავისი მანდატის ფარგლებში ეს არის ეროვნული ბანკი. ის ანგარიშვალდებულია ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე და მისმა აქტიურობამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოიტანოს. თუ ეროვნულმა ბანკმა სამშენებლო სექტორს მაღალ რისკიანობიდან გამომდინარე დაკრედიტება შეუზღუდა, ამან შეიძლება უკუეფექტი მოიტანოს. ანუ შეუნარჩუნოს ფინანსურ სექტორს სტაბილურობა, სამშენებლო სექტორის ხარჯზე,“ - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

წყარო: bm.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა