ვინ იყო ყაჯარების დინასტიის პრინცი, რომელმაც თბილისში ულამაზესი სახლი ააშენა?
ერეკლე ტატიშვილის ქუჩის 14 ნომერში მდებარე ეს ულამაზესი საშემოსავლო სახლი (დღევანდელი გაგებით „შოპინგ მოლი“) 1905 წელს, ისლამური არქიტექტურის სტილის ელემენტებით აშენდა. მისი მფლობელი საიმპერატორო არმიის გენერალ- მაიორი, პრინც ემირ ქაზიმ მირზა ( ყაჯარი) გახლდათ. ცნობისთვის, ყაჯარი დინასტია იყო ირანში 1796-1925 წლებში. ყაჯარების დინასტიის შაჰები ხელს უწყობდნენ ირანში უცხოური კაპიტალის შეჭრას, რაც ქვეყანას სანახევროდ კოლონიურ მდგომარეობაში აყენებდა. 1925 წლიდან მეჯლისის გადაწყვეტილებით, ირანში ფეჰლევიანების დინასტია გაბატონდა.
ემირ ქაზიმ მირზა 1853 წელს ქალაქ შუშაში დაიბადა (ქალაქი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში). ის ბევრი მნიშვნელოვანი ომის მონაწილე იყო და 6 შვილი ჰყავდა.
სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ ემირ ქაზიმ მირზა საქველმოქმედო საქმიანობამ გაიტაცა. მისი ხელშეწყობით თბილისსა და რეგიონებში არაერთი დაწყებითი სკოლა გაიხსნა. ცნობილია, რომ მირზა არაერთი ღარიბი ოჯახის შვილის სწავლის საფასურს იხდიდა.
ქაზიმ მირზა 1919 წელს განჯის კომენდანტად დაინიშნა. 1920 წელს ბოლშევიკებმა როგორც ანტიბოლშევიკური აჯანყების ინიციატორი, მოკლეს.
მოგვიანებით მირზას სახლში ქართველი გრაფიკოსი და მხატვარ- მონუმენტალისტი, თბილისის სიმბოლიკის შემქმნელი ემირ ბურჯანაძე ცხოვრობდა.