რატომ აშენებენ მიწისქვეშა სახლებს და რატომ გახდა პოპულარული მიწისქვეშ ცხოვრება?
ბოლო დროს, სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, რომ მიწის სიღრმეში სახლი, სარდაფი ან სახელოსნო ააშენოს და დროის უმეტესი ნაწილი მიწისქვეშ გაატაროს.
მიწისქვეშა ქალაქების უმეტესობა, მაგალითად, კაპადოკიის ტერიტორიაზე მიწისქვეშა დერინკუიუ ანტიკურ ეპოქაში შეიქმნა, თანამედროვე მიწისქვეშა ქალაქები კი, მაგალითად, კანადის მონრეალი ბურღვისა და გვირაბის მშენებლობის სპეციალური ტექნოლოგიების ნაყოფია.
უძველესი მიწისქვეშა გვირაბები, გამოქვაბულები და ლაბირინთები თავიანთი იდუმალებით და ამოუცნობი სამყაროთი გვიზიდავენ, თუმცა გაუგებარია, რას ეძებს 21-ე საუკუნის ადამიანი მიწის ქვეშ და მოდი, ამის გარკვევა ერთად ვცადოთ.
მიწის ქვეშ ცხოვრების უპირატესობა
მიწისქვეშა ქალაქების მთავარი უპირატესობა ისეთი სტიქიური უბედურებებისგან დაცვაა, როგორიცაა ქარიშხალი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ტყის ხანძარი. ამ მხრივ, მინუს სართულებს შეუძლიათ თავიანთი ბინადრების დაცვა და უსაფრთხოება უზრუნველყონ.
გარდა ამისა, მიწისქვეშა ქალაქები სტაბილურ ტემპერატურას უზრუნველყოფენ. აქ ჰაერის ტემპერატურა სეზონზე დამოკიდებული არაა, რაც ცხელი ზაფხულის და ცივი ზამთრის ექსტრემალურ ტემპერატურას გამორიცხავს.
მიწისქვეშა ქალაქები განათებისთვის და გათბობისთვის ეკოლოგიურად სუფთა მზის ენერგიას და გეოთერმული წყაროებს მოიხმარენ, რაც ფინანსური ხარჯებისა და ნახშირბადის შემცირებას იწვევს.
მიწისქვეშა ქალაქებში მცირე ფართობზე დიდი რაოდენობის ადამიანების განსახლება შეიძლება. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია დიდი ქალაქებისთვის, რომლებსაც ახალი მშენებლობისთვის საკმარისი სივრცე არ აქვთ.
მიწის ქვეშ ცხოვრების სირთულეები
მიწისქვეშ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, სირთულეებიც ახლავს. ძირითადად, ეს სივრცის შეზღუდვას, სუფთა ჰაერისა და მზის შუქის ხელმიუწვდომლობას, ასევე საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის პრობლემებს უკავშირდება.
შეზღუდული სივრცე მიწისქვეშა ქალაქების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც დისკომფორტის განცდას იწვევს. გარდა ამისა, ზოგ მიწისქვეშა ქალაქს ლაბირინთების რთული სისტემა აქვს, რამაც შეიძლება სივრცეში ორიენტირება გაართულოს.
სამწუხაროდ, მიწისქვეშა ოთახებში ხშირად დაბინძურებული და არასაკმარისად ახალი ჰაერია. ხშირად ჩნდება სასმელი წყლის, საკვების და სხვა რესურსების დეფიციტი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიწისქვეშა ქალაქებში მეტი საფრთხეა, ვიდრე მიწის ზედაპირზე. ავარიების ან გადაუდებელი შემთხვევების დროს, ადამიანების ევაკუაცია შეიძლება რთული და ხანგრძლივი იყოს.
მიწისქვეშა ქალაქის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და განწყობაზე
მიწისქვეშა ქალაქებს შეუძლიათ ადამიანების ჯანმრთელობასა და განწყობაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინონ.
ერთის მხრივ, მიწისქვეშა ქალაქში ცხოვრება ექსტრემალური კლიმატური პირობების, ტორნადოებისა და მიწისძვრებისგან იცავს, მეორე მხრივ კი შეიძლება ჯანმრთელობისა და განწყობის პრობლემები გამოიწვიოს. მზის შუქისა და სუფთა ჰაერის შეზღუდვამ შეიძლება დ ვიტამინის ნაკლებობა, ძილისა და მხედველობის პრობლემები, დეპრესიის განცდა გამოიწვიოს.
რატომ გახდა მიწისქვეშა ქალაქებში ცხოვრება პოპულარული?
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: სტიქიური უბედურებებისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა, ასევე მიწის ზედაპირზე სივრცის ეკონომია.