თეგებით ძიება

სააღდგომო ტრადიციები საქართველოში - რა დავკარგეთ და რა შემოგვრჩა

აღდგომა უდიდესი და უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას აღინიშნება და მოძრავი დღესასწაულების კატეგორიას განეკუთვნება. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. აღდგომას წინ უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება და ვნების კვირა. ქრისტიანებისთვის აღდგომა ზეიმთა ზეიმია, რომლისთვისაც ყველა ოჯახი განსაკუთრებულად ემზადება.

საქართველოში აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, თესავენ ჯეჯილს, რაც სიცოცხლისა და განახლების სიმბოლოა. წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად ღებავენ, რაც  ქრისტეს ვნების სიმბოლოა, ასევე აცხობენ სააღდგომო პასკას. აღდგომას ღამის 24:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ქრისტიანები ერთმანეთს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“

ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ადამიანები მაცხოვრის აღდგომას უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ.

საქართველოში სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად არის წითელი კვერცხები და პასკა. სუფრს წევრები ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავენ და წითელ კვერცხებს ერთმანეთზე უტყამენ. ყველა ცდილობს, რომ მისმა კვერცხმა რაც შეიძლება მეტი კვერცხი გატეხოს, რადგან გატეხილი კვერცხები გამარჯვებულს რჩება. აღდგომის მომდევნო დღეს  ადამიანები ახლობელთა საფლავებზე გადიან სადაც გარდაცვლილ ადამიანებს მოიხსენიებენ და წითელ კვერცხებს ტოვებენ.

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი სააღდგომო ტრადიცია აქვს. მაგალითად,მაგალითად, ყაზბეგში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მმშობლიურ სოფელ სნოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟების მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელიც მთელ სოფელს მოივლიდა და ყველა ეზოში შევიდოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი ხმამაღლა იძახდა „ქრისტე აღდგა!“. მოსულებს ოჯახის წევრები ეგებებოდნენ პასუხით - „ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! შეგეწიასთ იმისი მადლი თქვენცა და მთელს თქვენს ხევსა!“. ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისს შესაწირი - წითლად შეღებილი სააღდგომო კვერცხები გამოჰქონდა, რომელსაც ეზოს შუაგულში მწკრივად აწყობდნენ და ხმამაღლა იძახდნენ, ვის სახელზეც იდებოდა კვერცხი. მწკრივში დალაგებულ კვერცხს ახალგაზრდები მონაცვლეობით ესროდნენ ისრებს, სანამ ყველას არ გატეხდნენ.  ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველად გატყდებოდა, იღბლიანად ითვლებოდა. ხშირად შესაწირში მოხევეები  კვერცხთან ერთად სხვადასხვა საჭმელს და ფულსაც დებდნენ. დღის ბოლოს მოგროვილი სანოვაგით საერთო ტრაპეზი იმართებოდა, ფული კი სოფლის სასარგებლო საქმეს ხმარდებოდა.

 

დასავლეთ საქართველოში ყველა ადრიანად ემზადებოდა ცისკარზე წასავლელად. საინტერესო სააღდგომო რიტუალი ჰქონდათ სამეგრელოში. აღდგომა დღეს მეგრელები ბატკანს ან გოჭს კლავდნენ და ყველისა და კვერცხის პურის კვერებს აცხობდნენ. ოჯახის უფროსი ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოს, მერე საღმრთო ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

რაჭაში აღდგომა დილით, წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დააწყობდა და მღვდელს შინ მიართმევდა.

გურიაში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა. ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა შავი ღვინის, თაფლისა და ბროწეულის წვენის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ სიმხნევისთვის.

სვანეთში მოსახლეობა სოფლის მთავარ ეკლესიაში ესწრებოდა წირვას. სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და სრულდებოდა “უფლიშით” – კვირაცხოვლობის დღესასწაულით, რომელსაც სვანეთში დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

აღმოსავლეთ საქართველოში, იქ, სადაც ეკლესიები იყო, ხალხი წირვა-ლოცვას ესწრებოდა და ზიარებას იღებდა. კახეთში ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები გადიოდნენ სასაფლაოზე და კვერცხებს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. კლავდნენ ქათმებს, ინდაურს, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ.

თბილისში აღდგომა განსაკუთრებული რელიგიურ-სახალხო დღესასწაული იყო. თბილისელი მორწმუნეები სააღდგომოდ აცხობდნენ ტკბილ ქადებს და ყველიან კვერებს. სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო ასევე ბატკნის ხორცი და ღვინო.

აღდგომამდე, ვნების კვირის ოთხშაბათს იმართებოდა „ჭიაკოკონა“. ეს იყო სახალხო რიტუალი, როდესაც ღამით სახლებთან ცეცხლს დაანთებდნენ, ჯვარედინად ახტებოდნენ კოცონს და ხმამაღლა შესძახებდნენ „არული კუდიანებსა ჯვარი აქაურობას“. ხალხის წარმოდგენით, კუდიანები და ავი სულები კოცონში დაიწვებოდნენ და შემდეგი დღეები მშვიდობიანი იქნებოდა.

სადღესასწაულო ტრადიციების განუყოფელი ნაწილი იყო ჭონაზე სიარული. მოსახლეობა მეჭონეებს შეღებილ კვერცხებსა და სხვადასხვა პროდუქტს აძლევდა, შეგროვილ სანოვაგეს კი, ხშირად გაჭირვებულებს ურიგებდნენ. თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, აღდგომა სადღესასწაულო ტრაპეზით გრძელდებოდა. თბილისისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების განსაკუთრებული შემწყნარებლობა, ამიტომ თბილისელი მართლმადიდებლები სუფრასთან სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც იწვევდნენ და ამ დიდებულ დღეს ყველა ერთად აღნიშნავდა.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა