თეგებით ძიება

თბილისში ელმავალმშენებელი ქარხნის 255,827 კვ.მ უძრავი ქონება გაიყიდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 255,827 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება გაიყიდა - ქარხანა 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის იანვრამდე კომპანია “ელექტრომობილითის” საკუთრებაში იყო, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ქარხნის მესაკუთრე შპს "ჯორჯიან რეილვეი სერვის ჯგუფი" გახდა.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, აღნიშნული კომპანიის 100%-იან წილს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე სოლომონ ჩხაიძე ფლობს. კომპანია 2023 წელს არის დაფუძნებული და მისი დირექტორის პოსტს ზურაბ ნოზაძე იკავებს. ნოზაძე ასევე არის 2025 წელს დაფუძნებული "გრანდ ბილდინგ ჰაბის" დირექტორი და მესაკუთრე.

ელმავალმშენებელი ქარხნის მფლობელი 2023 წლის მარტიდან ოქტომბრამდე “საქართველოს ბანკი” იყო, რომელმაც ქარხანა 19.5 მილიონ ლარად საჯარო აუქციონზე შეიძინა. კომპანიის აქტივები აუქციონზე ვადაგადაცილებული ვალების მომსახურების მიზნით გამოვიდა, კომპანიას მათ შორის თავად “საქართველოს ბანკის” მიმართაც გააჩნდა 15 მილიონი ლარის დავალიანება, ასევე 20 მილიონი ლარის ვალები სხვა კრედიტორების მიმართ.

იქამდე “ელმავალმშენებლის” 87%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ რუსულ კომპანია “ლოკო ტრანსს” ეკუთვნოდა. კომპანიის 12%-იან წილს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობდა.

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა 1957 წელს დაფუძნდა. კომპანია საბჭოთა პერიოდში ელმავლების წარმოებით იყო დაკავებული. პრივატიზაციის შემდეგ კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული 2013 წელი იყო, როდესაც შემოსავლები 40 მილიონ დოლარს აღემატებოდა, თუმცა უკვე 2017 წლიდან მისი შემოსავალი ჯერ 1.3 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2019 წლის შემდეგ 1 მილიონ დოლარს ჩამოსცდა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა