თეგებით ძიება

რა არის ურბანიზაცია და როგორ ვლინდება იგი საქართველოში?

ურბანიზაცია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გარდამტეხი პროცესია, რომელიც განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს მდგრადი განვითარების გლობალურ სტრატეგიებში. ურბანიზაცია ნიშნავს იმ ტენდენციას, როდესაც ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან შედარებით იზრდება და თანდათან ფართოვდება ქალაქური ცხოვრების წესი — რაც მოიცავს ცხოვრების სტილს, ეკონომიკურ მოდელებსა და კულტურულ დინამიკას.

ეს პროცესი თავის თავში არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებას აერთიანებს. ურბანიზაციას ხშირად უკავშირებენ ცხოვრების ხარისხის ზრდას: ადამიანებს უფრო მეტად ხელმისაწვდომი აქვთ ჯანდაცვა, განათლება, სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ამასთანავე, ურბანულ არეალებში ხშირად შეიმჩნევა შემოსავლების ზრდა და სოციალურ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება.

თუმცა ურბანიზაციას მხოლოდ პოზიტიური ასპექტებით ვერ შევაფასებთ. ის მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ სტრუქტურებს. ჭარბი მიგრაცია ქალაქებში, ინფრასტრუქტურის გადატვირთვა, საცხოვრებელი ფართის დეფიციტი, სოციალური უთანასწორობა და გარემოს დაბინძურება — ეს იმ უარყოფითი შედეგების ნაწილია, რაც ურბანული პროცესების უკონტროლო განვითარებას შეიძლება მოჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შედარებით მცირე მასშტაბის ქვეყანაა, ურბანიზაციის დონე აქ საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნების ფონზე, რომლებსაც მსგავსი ეკონომიკური პარამეტრები აქვთ. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 61.5% ქალაქებში ცხოვრობს. ეს რიცხვი ნელ-ნელა იზრდება, ხოლო 2050 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ ურბანული მოსახლეობა 75%-ს მიაღწევს.

საქართველოში ურბანიზაცია განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის რაოდენობა პირველად გაუთანაბრდა. ამ პროცესმა სხვადასხვა რეგიონზე განსხვავებული გავლენა იქონია: თბილისში, რუსთავსა და ბათუმში მოსახლეობის რაოდენობა სტაბილურად იზრდება, ხოლო ქვეყნის სხვა ნაწილებში მოსახლეობა მცირდება ან სტაგნაციას განიცდის. თბილისში დღეს მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში მოსახლეობის რაოდენობა 7-ჯერ ნაკლებია.

ქვეყნის სტრატეგია ამ თვალსაზრისით ორმხრივია: ერთის მხრივ, ხდება ქალაქების განვითარება და ურბანული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ხოლო მეორეს მხრივ, მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს ხარჯავენ სოფლის მეურნეობასა და რეგიონული დასახლებების მხარდაჭერაზე, რათა მოხდეს სოფლად ცხოვრების სტიმულირება და მოსახლეობის მასობრივი გადინების შეჩერება.

ქალაქები საქართველოში პირობითად რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

  • დიდი ურბანული ცენტრები: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი;
  • რეგიონული დედაქალაქები: ადმინისტრაციული ცენტრებად ფუნქციონირებს;
  • მეორე დონის ქალაქები: მუნიციპალიტეტები, სადაც მოსახლეობა 15 ათასზე მეტს შეადგენს.

ურბანიზაცია გლობალური ტრანსფორმაციის ნაწილია და მის სწორ მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალზე. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლავს სირთულეები, სწორად დაგეგმილი ურბანული პოლიტიკა რეალურ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროგრესისთვის. ამიტომ აუცილებელია, ურბანიზაციას არ შევხედოთ მხოლოდ როგორც დემოგრაფიულ ცვლილებას, არამედ დავინახოთ მასში ის პოტენციალი, რაც უკეთესი, უფრო სტაბილური და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის საფუძველს შეიძლება დაედოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა