მეტეხის ტაძარი - რთული და მრავალფეროვანი ისტორიის ძეგლი
მეტეხი თბილისის ერთ-ერთი უძველესი და თვალსაჩინო უბანია, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კლდოვან ფერდობზე, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, სწორედ აქ, ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო საეკლესიო კომპლექსი და თავისი რეზიდენციაც, რაც მეტეხის სახელწოდებასაც განაპირობებს — "სასახლის მიმდებარე ტერიტორია". არსებობს მოსაზრება, რომ V საუკუნეში ამ ადგილას წმინდა შუშანიკი დაკრძალეს.
მეტეხის ეკლესია მრავალჯერ დანგრეულა და აღდგენილა. არსებული ტაძარი XIII საუკუნეში, მეფე დემეტრე II-ის მეფობისას აიგო. თავდაპირველი ნაგებობიდან მხოლოდ აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების ნაწილი, აგრეთვე დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრაგმენტები შემორჩა. ტაძარს ზიანი მოგვიანებითაც არაერთხელ მიადგა, თუმცა იგი ყოველთვის აღდგებოდა. XVII საუკუნეში მეფე როსტომმა ტაძარი ციტადელად გადააკეთა და მასში 3 000-მდე მეომარი ჰყავდა განთავსებული.
მაჰმადიანი მეფეების მმართველობისას, მეტეხის ტაძარი მიტოვებული იყო. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერს, რომ ეკლესიის მიტოვების მიზეზი მეხის დაცემა ყოფილა. ვახტანგ V-მ იგი აღადგინა და ტაძარი თოფის წამლის საწყობად გადაკეთდა.
1748 წელს სპარსელების განდევნის შემდეგ, ტაძარმა კვლავ იფუნქციონირა. რუსეთის მმართველობის პერიოდში მან რელიგიური დატვირთვა დაკარგა და სამხედროდ იქნა გამოყენებული. XIX საუკუნეში ციტადელი დაანგრიეს და მის ადგილზე ახალი შენობები აშენდა, რომელთაგან ერთ-ერთი 1938 წლამდე ციხის ფუნქციას ასრულებდა.
მეტეხის ტაძარი ახლოს იყო იმ განადგურებასთან, რასაც ლავრენტი ბერიას განკარგულება ითვალისწინებდა. თუმცა ქართველი საზოგადოება, განსაკუთრებით კი მხატვარი და კოლექციონერი დიმიტრი შევარდნაძე, აქტიურად დაუპირისპირდა ამ გადაწყვეტილებას. ბერიამ შესთავაზა ტაძრის მცირე ზომის ასლის შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც თავად შევარდნაძე უნდა ჩაუდგებოდა სათავეში, თუმცა მხატვარმა ეს წინადადება კატეგორიულად უარყო. იგი დააპატიმრეს და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს, თუმცა ტაძრის ნგრევა მაინც ვერ მოხერხდა.
საბჭოთა პერიოდში ტაძარი თეატრალურ სივრცედ გამოიყენებოდა. მის წინ, 1967 წელს, დაიდგა მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლი, რომლის ავტორია სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელი.
1980-იანი წლებიდან დაიწყო ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დაბრუნების კამპანია. ილია II-ის ინიციატივით და ზვიად გამსახურდიას აქტიური ჩართულობით (რომელმაც შიმშილობის აქციაც გამართა), საბოლოოდ 1988 წელს ტაძარს კვლავ დაუბრუნდა საეკლესიო ფუნქცია.
ლეგენდის თანახმად, სწორედ მეტეხის კლდეზე მოხდა VIII საუკუნეში წმინდა აბოს წამება — რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას ანიჭებს. დღეს მეტეხის კლდე რკინა-ბეტონის ხიდით უკავშირდება მტკვრის მეორე სანაპიროს, რომელიც 1951 წელს აშენდა ძველი ხიდების ნაცვლად.