ბრუნვით #1 ადგილზე აზარტული თამაშების სექტორია - საქართველოს ეკონომიკა სექტორების მიხედვით?
საქსტატმა საქართველოს კერძო სექტორის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით გაიზარდა და მან 55.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
სექტორებს შორის ბრუნვით #1 ადგილზე აზარტული თამაშების სექტორია, სადაც 20.1 მილიარდი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც მან ვაჭრობის სფეროს გადაუსწრო. ამ სექტორში ბრუნვის მატება 22%-ს შეადგენს. საქსტატის მეთოდოლოგიით, აზარტული თამაშები გაერთიანებულია ხელოვნება-გართობის სექტორში, თუმცა ამ სექტორის ბრუნვის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. რაც შეეხება ამ სექტორის ბრუნვას, მეთოდოლოგიის მიხედვით, აზარტული თამაშების ბრუნვად ითვლება მიღებული ფსონების ღირებულება. შესაბამისად, ეს ნიშნავს რომ ქართულ კაზინოებში, ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში 2025 წლის პირველ კვარტალში სულ 20 მილიარდი ლარის ფსონები შევიდა.
რაც შეეხება რიგით მეორე სექტორს - საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში ბრუნვა 18.3 მილიარდი ლარი იყო, სადაც წლიური ზრდა 7%-ს შეადგენდა. 4 მილიარდი ლარი იყო დამმუშავებელი მრეწველობის ბრუნვა, სადაც 4%-იანი კლებაა, მშენებლობის სექტორის ბრუნვა 2.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, ზრდა კი 5%-ია. შემდეგ ადგილს იკავებს IT, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი. აქ შედის როგორც ტელევიზიები, ასევე სატელეკომუნიკაციო კომპანიები და IT სერვისების მიმწოდებელი კომპანიები. ამ სექტორში ბრუნვამ 2.65 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 96%-ით არის გაზრდილი. მატება ძირითადად IT სერვისების სეგმენტზე მოდის. ლოგისტიკის სექტორში ბრუნვა 14%-ით გაიზარდა და 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა, ენერგეტიკაში კი მატება 9%-ია, სექტორის ბრუნვა კი 1.7 მილიარდი ლარი იყო.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვის მაჩვენებლები:
