თეგებით ძიება

5 ყველაზე მიმზიდველი ადგილი გურიაში

გურია დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხეა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვიზიტორებით ნაკლებად იყო განებივრებული. თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

გომისმთა

გომისმთა კლიმატური კურორტია გურიის მაღალმთიან ზონაში, ოზურგეთიდან 33 კმ-ის დაშორებით. ის ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ხშირად „ღრუბლების კურორტსაც" უწოდებენ. გომისმთას ცნობილია გამორჩეული სამკურნალო თვისებების მიკროკლიმატით, რომელსაც მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავი ქმნის.

ბახმარო

ბახმარო ამჟამად ყველაზე ცნობილი ზამთრის კურორტია გურიაში. გაშენებულია მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად საქართველოში. ბახმარო განთქმულია თავისი "ნისლების სამეფოთი". ისევე, როგორც გომისმთაზე, ადგილობრივი მიკროკლიმატი, რომელიც ზღვისა და მთის ჰაერის შერევით იქმნება, განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება სასუნთქი გზების დაავადებების, ასთმისა და ალერგიების პროფილაქტიკისთვის.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი შავი ზღვის სანაპიროზე უნიკალური ბოტანიკური ბაღია, რომელიც 60 ჰექტარზეა გაშენებული - მასშტაბითა და მცენარეული მრავალფეროვნებით ყველაზე დიდი მთელს კავკასიაში. პარკში თავმოყრილია როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი ეგზოტიკური მცენარეების უნიკალური კოლექცია. ცალკე 18 ჰექტარზე გაშენებულია საქართველოს რელიქტური და ენდემური სახეობების "ცოცხალი მუზეუმი". 

ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი აფსიდითა და დასავლეთის კარიბჭით. აფსიდი ორსაფეხურიან ცოკოლზეა აღმართული, მაშინ როცა დარბაზი ერთ საფეხურზე დგას. 

აღსანიშნავია ეკლესიის ორნამენტული მორთულობა - ყველა სარკმელს აქვს ლილვებით მოჩარჩოებული საპირეები, ხოლო ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი შემოუყვება. შენობას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ტაძრის ინტერიერი თავდაპირველად მთლიანად მოხატული იყო, თუმცა 1990-იანი წლების პირველ ნახევარში XV-XVI საუკუნეების ფრესკები მოხატულობის განახლების მიზნით ჩამოფხიკეს. დღეს ძველი მხატვრობიდან მხოლოდ ორი სცენაა შემორჩენილი: გარდამოხსნა და საფლავის გახსნა.

ეკლესიის დასავლეთით მდებარეობს XV საუკუნით დათარიღებული ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლოს ფასადზე გამოსახულია ვერძის თავის ჰორელიეფი და 1422 წლით დათარიღებული საამშენებლო წარწერა.

გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში მდებარე გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული. ციხე მაღალ გორაკზე დგას და ერისთავების რეზიდენციასთან ერთად, რეგიონის ერთ-ერთ მთავარ თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა.

ციხე-დარბაზის კომპლექსი შემოფარგლულია ოთხი კედლით, რომელთა სიმაღლე 5 მეტრს აღწევს, ხოლო სიგრძე 25 მეტრია. კედლებში დატანებულია სათოფურები. კომპლექსის შიგნით შემორჩენილია მარნისა და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნარჩენები. ციხის აღმოსავლეთით აგებულია პატარა სამლოცველო, რომელიც დღეს ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია.

ციხე-დარბაზს გარშემო ტყე-პარკი აკრავს, სადაც მრავალი იშვიათი ჯიშის ასწლოვანი მცენარე ხარობს. მათ შორისაა სამი საუკუნის მუხა, ფანქრის ხე, კანფეტის ხე და გიგანტური სექვოია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა