რა ვნახოთ ბორჯომში?
ბორჯომის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ისტორიული თორის ტერიტორიაზე. შუა ფეოდალურ ხანაში თორი დამოუკიდებელი სადროშო იყო, რომელსაც თორელთა საგვარეულო მართავდა. მოგვიანებით ის სამცხის ათაბაგების დაქვემდებარებაში გადავიდა. XVI საუკუნეში თორი ოსმალებმა დაიპყრეს, თუმცა XVII-XVIII საუკუნეებში ქართლის სამეფომ ტერიტორია კვლავ დაიბრუნა.
დღეს ბორჯომი ცნობილია როგორც კულტურულად და ბუნებრივად გამორჩეული რეგიონი. მისი უნიკალური ლანდშაფტი, მდიდარი ისტორია და სამკურნალო წყლები საუკუნეებია იზიდავს დამსვენებლებს, მოგზაურებსა და მკვლევრებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოიცავს 11 ადმინისტრაციულ ერთეულს: ახალდაბა, ბაკურიანი, ბალანთა, ბორჯომი, დვირი, ტაბაწყური, ტაძრისი, ტბა, ყვიბისი, ციხისჯვარი და წაღვერი. იგი ესაზღვრება ახალციხეს, ასპინძას, ახალქალაქს, წალკას, ხარაგაულს, ხაშურს, ქარელსა და გორს.
რეგიონის უმეტესი ნაწილი ბორჯომის ხეობაშია მოქცეული, რომელიც განლაგებულია თრიალეთისა და მესხეთის ქედებს შორის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღსანიშნავია თრიალეთის ქედის განშტოებები – გვირგვინას ქედი და ციხისჯვარი, რომელთა სიმაღლე 2,000-დან 2,850 მეტრამდე მერყეობს. ამ ქედებს შორის არის თორის ქვაბული – ბუნებრივად გამორჩეული და ვიზუალურად შთამბეჭდავი რეგიონი.
რაიონს მთავარი მდინარე მტკვარი გადაკვეთს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი შენაკადები – ბორჯომულა და გუჯარეთისწყალი უერთდება. მდინარეები გამოიყენება როგორც სარწყავად, ისე ენერგეტიკული მიზნებისთვის.
ბორჯომის მუნიციპალიტეტს ახასიათებს სუბტროპიკული, კონტინენტურ კლიმატზე გარდამავალი ჰავა: ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, ზომიერად თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3°C-დან -6°C-მდე, ხოლო აგვისტოში — 14°C-დან 18°C-მდე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული რეგიონია საქართველოში. აქ ბუნება და კულტურა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც სამთო-სათხილამურო, ისე ბალნეოლოგიური კურორტებით, იმოგზაურონ ულამაზეს ტბებთან, ეროვნულ პარკებში, და გაეცნონ მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას.
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორია ევროპაში, განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებითა და ლაშქრობის მარშრუტებით;
- ნეძვის ეროვნული პარკი – ნაკლებად ცნობილი, მაგრამ განსაკუთრებით მდიდარი ეკოსისტემით;
- კახისის ტბა, ტაბაწყური, წეროს ტბა – ალპური ტბები, რომლებიც გამორჩეულად ლამაზია ზაფხულში და ზამთარში, სუფთა ჰაერითა და თევზის მრავალფეროვანი სახეობით;
- ლომის მთა, მეღრუკის ხეობა – იდეალური ადგილები ლაშქრობისა და ბუნების მოყვარულთათვის.
ბორჯომში დაცულია მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა – მეგალითური ნაგებობებიდან შუასაუკუნეების ტაძრებამდე და ციხე-სიმაგრეებამდე:
- მწვანე მონასტერი – VI საუკუნის უძველესი მონასტერი, უნიკალური განლაგებითა და სევდიანი ისტორიით;
- ტიმოთესუბნის მონასტერი – XIII საუკუნის გოთიკურ-ბიზანტიური სტილის მონასტერი ფრესკებითა და ფასადზე გამოსახული წმინდანებით;
- დაბის წმინდა გიორგის ეკლესია, ფოთოლეთის ეკლესია, დვირის ციხე, პეტრეს ციხე – არქიტექტურული და ისტორიული თვალსაზრისით ფასეული ძეგლები;
- ქალაქ ბორჯომის XIX საუკუნის არქიტექტურა განსაკუთრებული ყურადრების ღირსია – აქ ვხვდებით როგორც რუსულ იმპერიულ სტილს, ასევე ევროპულ მოდერნს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია საქართველოში. აქ მდებარე კურორტები სთავაზობენ დამსვენებლებს როგორც სამკურნალო, ისე აქტიური დასვენების შესაძლებლობებს:
- ბორჯომი – მსოფლიო დონის ბალნეოლოგიური კურორტი, ცნობილი მინერალური წყლებითა და ბორჯომის პარკით;
- ბაკურიანი – საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტი, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის;
- მიტარბი და კოხტა – ახალდამუშავებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სათხილამურო ზონები;
- ლიკანი, წაღვერი, ცემი, ციხისჯვარი – მცირე ზომის კურორტები, მშვიდი დასვენებისა და ბუნების მოყვარულთათვის.