თეგებით ძიება

რა უნდა ნახოთ საჩხერეში?

საჩხერე ზემო იმერეთის პატარა ქალაქია, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს. ისტორიული არგვეთის ნაწილი. მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. თუ საჩხერეში მოხვდი აუცილებლად უნდა მოინახულო შემდეგი ადგილები:

მოდინახე

იგივე მოდამნახეს ციხე ან ტყემლიანის ციხე - გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. მოდინახე ცნობილი არქეოლოგოური ძეგლიცაა. აქ აღმოჩენილია 3 ეპოქის ნამოსახლარი: ადრინდელი ბრინჯაოს ხანის, გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის და ადრინდელი ანტიკური ხანის ნამოსახლარები. გათხრილია აგრეთვე სხვადასხვა დროის სამაროვნები. ნამოსახლარზე და სამარხებში მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ადრინდელი ანტიკურ-ელინისტური ხანის სამარხებში მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთი (სამკაული, ჭურჭელი, იარაღი), კოლხური და რომაული მონეტა აღმოჩნდა.მოდინახეს ციხეს 2018 წლის 11 მაისს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. „მოდი ნახეს“ ციხის არქიტექტურულ კომპლექსს 2019 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია

დარბაზული ეკლესია სოფელ ქორეთში მდებარეობს და მე-10 საუკუნით თარიღდება. ეკლესიას ორი თაღოვანი კარი აქვს - დასავლეთითა და სამხრეთით. თაღოვანია ტაძრის სარკმლებიც. ქორეთის მაცხოვრის ეკლესია გამოირჩევა მაღალმხატვრული, დახვეწილი დეკორით. ჩუქურთმები ღრმა კვეთითაა შესრულებული. ეკლესია მდიდარია ლაპიდარული წარწერით. სამხრეთის შესასვლელის ბარიერის წარწერით ირკვევა, რომ ეკლესია 1000 წელსაა აგებული. ინტერიერი მოხატულია, გვხვდება ფრესკული წარწერებიც. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

დევის ტბა

მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 1370 მეტრზე. იგი კარსტული ტბაა და ორი კარსტული ძაბრი უჭირავს. ტბის სარკის ზედაპირის ფართობია 0,018 კმ², უდიდესი სიღრმე კი - 10,7 მ. დევის ტბა ტყითაა გარშემორტყმული და ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს, როგორც ზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებაში. მოლივლივე წყალი, ველური ბუნება, სუფთა ჰაერი და ლამაზი ტყეები შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნების მოყვარულთათვის. ტბაზე მიმავალი საფეხმავლო ბილიკი 4 კმ-ის სიგრძისაა და სოფელ მოხვში იწყება, მარშრუტი მარტივია. ტბასთან შესაძლებელია დაბანაკებაც. დევის ტბაზე ლაშქრობისთვის საუკეთესო პერიოდია მაისიდან ნოემბრამდე.

ბჟინევის ყორღანი

ბჟინევის ციხის ნანგრევებიდან სამხრეთით, მისგან 20-იოდე მეტრის დაშორებით მდებარეობს მოზრდილი ხელოვნური გორა ანუ ყორღანი, რომელიც 1951 წ. გათხარა აკად. ბორის კუფტინმა, ყორღანში აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალის სამარხი, მდიდარი სამაროვანი ინვენტარით. მიცვალებულს თავთან დიდი თლილი ქვა ედო. ბ. კუფტინის აზრით აღმოჩენილი მასალა მრავალმხრივ მსგავსებას ამჟღავნებდა ხეთურ-ხურიტულ ხელოვნებასთან.

აკაკი წერეთლის სახლი

სახლ-მუზეუმი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში. დაარსდა 1940 წელს. სასახლე რომელშიც, აკაკი წერეთელი დაიბადა და გარდაიცვალა, მისმა მამამ როსტომ წერეთელმა ააშენა 1834 წელს. სახლ-მუზეუმის ასაშნებლად გამოიყენეს კვერეთის კლდისა და ჭიათურის ქვები. სახლის მშენებლობაში ქართველებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვით ბერძენ მშენებლებს, რომლებიც იმ პერიოდში საჩხერეში მუშობდნენ.

მუზეუმში დაცულია აკაკი წერეთლის, მისი ნათესავებისა და წინაპრების პირადი ნივთები — XIX საუკუნის ფრანგული, გერმანული, იტალიური წარმოების ავეჯი, ბიბლიოთეკა, სადაც ინახება სხვადასხვა პერიოდის ქართული, ფრანგული, რუსული გამოცემის წიგნები, აქსესუარები და ტანსაცმელი, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები და პირველ ნახევარში გადაწერილი „ქართლის ცხოვრება“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა