თეგებით ძიება

„ეს ყველაფერი უშინაარსო, ფურცელზე დაწერილი სათაურია“- სამშენებლო სექტორი უცხოელების დასაქმების რეგულაციაზე

„ეს ყველაფერი უშინაარსო, ფურცელზე დაწერილი სათაურია“- ასეაფასებს კომპანია „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური “ბიზნესპრესნიუსთან” უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებულ რეგულაციას.

ცნობისთვის, უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. აღნიშნულს გულისხმობს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განხილვის ფონზე, 84 ხმით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, „უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი“. ამასთან, „შრომითი მიგრაციის“ კანონის გამკაცრებასთან ერთად, წესდება ახალი ჯარიმებიც კანონის შესაბამისი მოთხოვნის დარღვევებზე. უფრო კონკრეტულად, უცხოელის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და თავად დასაქმებული უცხოელიც 2000 ლარით დაჯარიმდებიან.

როგორც მალხაზ კუნელაური ამბობს, ალოგიკურია ბიზნესმა დაასაბუთოს ადგილობრივი კადრის არარსებობა, მაშინ, როდესაც ეს ცხადი მოცემულობაა. მისი თქმით, ამის წინაპირობა მუშა ხელის ქვეყნიდან გადინება გახდა.

„მე ასეთი ტიპის რეგულაციებს საქმიანზე მეტად, პიარულ სვლად ვაფასებ. ეს არის უბრალოდ ისრების გადატანის მცდელობა, პასუხისმგებელი მხარის განსაზღვრის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ მთავრობამ მთელი რიგი ისეთ ქვეყნებისთვის გახსნა საზღვრები, რომელთა მოქალაქეებსაც განვითარებული სახელმწიფოები საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებენ, რადგან მათ სარგებელზე მეტი პრობლემები მოაქვთ. ამან ჩვენს მოსახლეობაში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩნია და ახლა უნდათ [მთავრობას], რომ ბიზნესმა დაასაბუთოს უცხოელი კადრების საჭიროება.

მე ვფიქრობ, არ არის სწორი, იმიტომ, რომ ეს ბიზნესის საჭიროება კი არ არის, უბრალოდ შექმნილი მოცემულობაა. ამის დასაბუთებაც ალოგიკურია, როგორ უნდა დაასაბუთო, რომ მოიძიე და ვერ ნახე კადრები. სად მოიძიე? არსებობს რეალურად ეგეთ ტიპის დასაქმების ბაზა? როგორ უნდა დაგისაბუთოს ბიზნესმა, სად ეძებდა და ვერ ნახა?! ეს ყველაფერი უბრალოდ, უშინაარსო ფურცელზე დაწერილი სათაურია.

მე როგორც ბიზნესი, იძულებული გავხდი, უფრო დაბალი კვალიფიკაციის კადრი მიმეღო (რაც უფრო დიდი პრობლემაა), რადგან სხვა გზა არ მაქვს, ადგილობრივი კადრების გადინების გამო“,- ამბობს მალხაზ კუნელაური.

კითხვაზე, რა არის გამოსავალი, „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი პასუხობს, რომ ბიზნესის წახალისება. როგორც მალხაზ კუნელაური ამბობს, სახელმწიფოს შეუძლია თუნდაც საგადასახადო შეღავათებით ბიზნესს ის მარჟა დაუტოვოს, რომელსაც ადგილობრივი კადრების შენარჩუნებას მოახმარს.

„მე ვფიქრობ, ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების გასვლის მთავარი წინაპირობა არის მათ დაბალი შემოსავლები. კონკრეტულად სამშენებლო სფეროში, რომელიც მეტ-ნაკლებად მუშაობს, სახელმწიფოს შეეძლო დასაქმება წაეხალისებინა. თუნდაც, საგადასახადო შეღავათების კუთხით, მხოლოდ იმისთვის, რომ თანხა მაქსიმალურად ჩაეტოვებინათ კადრების ფინანსურ წახალისებისაში. ეს ყოფილიყო, თუნდაც დროებითი, მაგრამ მიზნობრივი რეგულაცია. კადრების გადინება ხომ არ არის მხოლოდ ბიზნესის საქმე, ეს არის სოციალური, თუ მიგრაციული საკითხი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ძალიან მაღალი უნდა იყოს. ეს არის ეროვნული საკითხიც, რადგან მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შესაბამისად, ბიზნესთან ერთად, კომბინირებული პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც აქვს და ერთობლივად უნდა მოხდეს იმ მარჟის გამონახვა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დარჩენას წაახალისებს. შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებია საჭირო და არა იმგვარი, რაზეც ახლა მიდის მუშაობა. ეს რეგულაცია პრობლემას ნამდვილად ვერ მოერევა“,- ამბობს მალხაზ კუნელაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა