თეგებით ძიება

როდესაც ინფრასტრუქტურა უკან რჩება - რატომ არის თბილისი გადატვირთული?

თბილისი - ქალაქი, რომელიც თავისი გეოგრაფიული აგებულებით ბუნებრივადაა გაყოფილი ორ სანაპიროდ, არაერთი მნიშვნელოვანი ურბანული გამოწვევის წინაშე დგას. ამ პრობლემებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მტკვარზე არსებული ხიდების რაოდენობის სიმცირე. ამასთანავე, დღეს, როდესაც დედაქალაქის სიგრძე 35 კილომეტრს აღწევს და საგრძნობლად მომატებულია როგორც მოსახლეობის რაოდენობა, ისე ავტომობილებისა და ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა, სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება გადაადგილების გამარტივებასა და ეკოლოგიური მდგრადობის გაუმჯობესებაზე.

ამ საკითხებზე um.ge-ს არქიტექტორი, აკადემიკოსი, ირაკლი როსტომაშვილი, რომელთანაც თბილისის ხიდებზე საუბარი ქალაქის განვითარების სისტემურ ანალიზში გადაიზარდა და გამოკვეთა ის ძირეული პრობლემები, რომელთა უგულებელყოფა თბილისს ყოველდღიურად ძვირი უჯდება.

ირაკლი როსტომაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ობიექტების ასაშენებლად ადგილმდებარეობის შერჩევა უნდა ემყარებოდეს მოსახლეობის გადანაწილების იმ სტატისტიკურ რეალობას, რომელიც თბილისში გვაქვს. როცა ელემენტარული გაანგარიშებები არ კეთდება, შედეგი ყოველთვის არაეფექტურია. თითოეული ცუდად შერჩეული ლოკაცია ნიშნავს ათასობით დაკარგულ საათს, დახარჯულ საწვავს, სტრესს და საბოლოოდ ადამიანზე ორიენტირებული ქალაქის იდეის ჩავარდნას.

„მოქალაქეები დისკომფორტს გრძნობენ, მათთვის მოუხერხებელია გადაადგილება, მაგრამ ამის გამომწვევ მიზეზებს საფუძვლიანად არ აანალიზებენ. თავს უფლებას მივცემ, ხაზი გავუსვა იმ საკითხებს, რომლებსაც როგორც მოსახლეობამ, ასევე ქალაქის მესვეურებმაც უნდა მიაქციონ ყურადღება. დავიწყოთ თავად დედაქალაქის სპეციფიკაზე საუბრით — თბილისის მარცხენა სანაპიროზე მარჯვენა სანაპიროსთან შედარებით ოთხჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივი ობიექტების განთავსების საკითხს. მაგალითად, ავიღოთ იუსტიციის სახლი, რომელსაც დღის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი ჰყავს. მსგავსი ტიპის ობიექტი უმჯობესია, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აშენდეს. მიზეზი მარტივია — პირობითად, თუ იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში 10 ათასი კაცი მოდის (ეს რაოდენობა თანაბრად ნაწილდება თითოეულ რაიონზე) და ამ დროს კი მოცემულობა გვაქვს, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თბილისის მოსახლეობის 70% ცხოვრობს, ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის სახლში მოსული 10 000 ადამიანიდან, 7 000 არის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრები, 3 000 კი — მარჯვენაზე. გამოდის, რომ თბილისის თერთმეტ ხიდზე 7 000 კაცი მხოლოდ იუსტიციის სახლის საჭიროების გამო გადადის და ისევ უკან ბრუნდება. პირიქით რომ იყოს, ანუ მსგავსი ობიექტი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რომ აგვეშენებინა, მარტივი არითმეტიკაა, რომ ხიდები ორნახევარჯერ ნაკლებად დაიტვირთებოდა“, — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

თბილისი უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არა მარტო გაიზარდა, არამედ სრულიად შეიცვალა ქალაქის დემოგრაფიული განაწილებაც. მიუხედავად ამისა, ინფრასტრუქტურა მაინც ძველ ქალაქზე აგებული ლოგიკით იმართება. ეს სერიოზულ დისბალანსს ქმნის. ქალაქი, რომელიც სიგრძეშია გაწელილი და მოიცავს მრავალ განსხვავებულ უბანს, ვერ იმუშავებს იმავე სისტემით, რაც პატარა, კომპაქტურ თბილისს შეეფერებოდა.

„მხოლოდ იუსტიციის სახლი ვახსენეთ, მაგრამ იგივე ეხება ყველა ადმინისტრაციულ დაწესებულებას. ზოგადად, თბილისში, ყველა მსგავსი ობიექტი სწორედ მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს — პარლამენტი, სახელმწიფო კანცელარია, უზენაესი სასამართლო, საკრებულო, რაც თავისთავად პრობლემაა. თავის დროზე, როდესაც ეს დაწესებულებები დაარსდა, თბილისი ბევრად პატარა ქალაქი გახლდათ (კრწანისი, მთაწმინდა, სოლოლაკი, ვერა) და საზოგადოებრივი ობიექტების ცენტრში აშენება ლოგიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, რადგან თითქმის მთელი ქალაქი ამ არეალში იყო მოქცეული. ნაძალადევი, დიდუბე და ჩუღურეთი კი ძალიან ინტენსიურად უკავშირდებოდა ცენტრს, რისი მაგალითიც არის მშრალი ხიდი, ასევე მეტეხის, ვერის, მნაცაკანოვის ხიდები. ქალაქის იერსახე და რელიეფი ბუნებრივად უკარნახებს განვითარებას. თბილისის იმ დროინდელ მასშტაბთან და განაშენიანებასთან შეფარდებით არსებული ხიდები სავსებით საკმარისი იყო. დღეს კი რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს და შესაბამისად, ხიდების მშენებლობა თბილისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს. თანაც ხიდები უნდა იყოს ორდონიანი და აკავშირებდეს არა მარტო უშუალოდ სანაპიროებს, არამედ ზედა ნიშნულებსაც“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა