ის რაც აუცილებლად უნდა ნახო ხაშურის მუნიციპალიტეტში!
ხაშური — ქალაქი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. რა უნდა ნახო ხაშურის მუნიციპალიტეტში მოხვედრისას?
სურამის წმინდა გიორგის ეკლესია
იგი XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელსაც დასავლეთიდან სამრეკლო ეკვრის. ტაძარი ორსაფეხურიან მაღალ ცოკოლზე დგას. შესასვლელი ორია - სამხრეთითა და დასავლეთით. 1968 წელს გაუკეთდა რესტავრაცია. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (11,5 X 17,2 მეტრი), რომელსაც დასავლეთით სამრეკლო ეკვრის. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. შიდა ჯვაროვანი სივრცე იქმნება ცენტრალური გუმბათქვეშა კვადრატიდან ოთხივე მხრივ გამოწვდილი მკლავებით. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული ღრმა აფსიდითა და ბემით. დანარჩენი მკლავები ოთკუთხაა.
კოდიწყაროს ტბა
შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდიწყაროსთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 975 მეტრზე. ტბის სიღრმე დაახლოებით 7-8 მეტრია და იკვებება გრუნტის წყლებით. ტყიანი მთებითა და ლამაზი მინდვრებით გარშემორტყმული ლურჯი ტბა ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს და შესანიშნავი ადგილია ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულთათვის. შემოდგომაზე აქ ცეცხლოვანი ფერების მშვენიერება დაგხვდებათ, გაზაფხულზე კი სიმწვანე და სიხასხასე. გაზაფხულზე კოდიწყაროს ტბით გვირილების მოყვარულები განსაკუთრებით აღფრთოვანდებიან, ტბის შემოგარენში უმშვენიერესი გვირილებიანი მინდვრებია. ეს ადგილი თევზაობის მოყვარულებსაც იზიდავს.
სურამის ციხე
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე.
ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი — ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.
სურამის ციხე-სიმაგრე კომპლექსს წარმოადგენს, მასში შედის გალავანი-ციხე, წმ. გიორგის ეკელსია, კოშკი და სასახლე. ციხეს ქონდა გვირაბი, რომელიც დაბლა ეშვება 12-16 მეტრზე, შემდეგ ქვემოთაა ჩახერგილი. გადმოცემის თანახმად ციხე უკავშირდებოდა ამაღლების ეკლესიას და მდ. სურამულას, საიდანაც სასმელი წყალი შექონდათ ციხეში.
წრომის ტაძარი
ის ადრეული შუასაუკუნეების, 626-634 წლებით დათარიღებული ტაძარია. დღევანდელი ეკლესია უფრო ადრეული, IV საუკუნის ტაძრის ადგილას არის აგებული. წერილობითი წყაროების თანახმად, 457 წელს, წრომის ადრეულ ეკლესიაში წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. დღევანდელი ძეგლი სტეფანოზ II-ის დაკვეთით არის აგებული. ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა (XI - XII, XVI-XVII საუკუნეებსა და XX საუკუნეში). 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრისას დაინგრა ტაძრის გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები, ნართექსისა და დასავლეთ-სამხრეთ მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი და გადაიხარა დასავლეთის კედელი. XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნა. წრომის ტაძარი ადრეული შუასაუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ძეგლია.
