თეგებით ძიება

რა ვნახოთ ყაზბეგში?

ყაზბეგში დაგხვდებათ უამრავი ისტორიული შენობა-ნაგებობა, კამკამა წყლები, ჩანჩქერები, ტბები, ულამაზესი ხედები და რაც მთავარია - მთები, მთები და მთები. აქ თითქმის ყველაფერი მთებშია ჩაფლული. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თბილისიდან 157 კმ., ვლადიკავკაზიდან 46 კმ. მუნიციპალიტეტს შედგება 5 თემისგან: გუდაური, სნო, კობი, გორისციხე და სიონი. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ:

ჟინვალის წყალსაცავი

ეს უზარმაზარი, ლურჯად მოელვარე და შეუდარებელი პეიზაჟი თბილისიდან 70 კილომეტრშია და ყაზბეგის გზაზე პირველ მოსანახულებელ ადგილად გვევლინება. ქედებში მოქცეული უზარმაზარი წყლის მასივი დაგარწმუნებთ, რომ ნამდვილად გასაოცარ ადგილას აღმოჩნდით. გარემო იმდენად საუცხოოა, რომ შეიძლება წამით აქ დარჩენაზეც გაიფიქროთ.

ანანურის ციხე

საქართველოს ერთ-ერთი კარგად შემონახული ისტორიულ ძეგლთა რიგებში ანანურის კომპლექსი ამაყად იკავებს საპატიო ადგილს. ეს მიდამო არამარტო მისი სილამაზით, ხედებითა და ისტორიითაა განსაკუთრებული, არამედ ბევრი ხელოვანისთვის ინსპირაციის წყაროსაც წარმოადგენს. ქედები უზარმაზარ პანორამულ ხედებს ქმნიან, რაც მოგონებების აღბეჭდვისთვის იდეალურია. თავად კომპლექსის ტერიტორიაზე უამრავ საინტერესო ნაგებობას შევხვდებით: სამთო კოშკი, აბანო, სამრეკლო, დიდი და პატარა ტაძრები.

გერგეტის სამების ეკლესია

ყაზბეგიდან 1 კილომეტრით დაშორებული გერგეტის სამება ყოველთვის ახერხებს მნახველების გაოცებას მისი ადგილმდებარეობით, შენების სახელოვნებო ოსტატობითა და შესაშური გარემოთი. ულამაზეს ბუნებაში ჩაკარგული, მთის წვერზე მდებარე ეკლესია დაუვიწყარ შეგრძნებებს დაგიტოვებთ. გერგეტი მისი არამიწიერი სილამაზით აუცილებლად აგავსებთ უნიკალური ემოციებითა და შეგრძნებებით. აქაურობა ზამთარში ქათქათა თეთრია, ხოლო ზაფხულში - ჭეშმარიტად მწვანე. ეკლესია ახლაც ფუნქციონირებს და შესაძლებელია საეკლესიო რიტუალებზე დასწრება. ადგილზე ვხვდებით XVI საუკუნით დათარიღებულ მოხატულობებს, რომელზეც წმინდა ნინოს გამოსახულებაც შეიმჩნევა.

თრუსოს ხეობა

უსასრულოდ დიდი და ხასხასა მდელოები, ცამდე აზიდული კოშკები, საინტერესო ამბების მოჩურჩულე ნასახლარები და საყდრები. ეს თრუსოს ხეობის ღისშესანიშნავი ადგილების ნაწილია, რაც აუცილებლად უნდა მოინახულოთ მთიან საქართველოში ყოფნისას. ხეობა ყაზბეგის ერთ-ერთ უმაღლეს ნაწილს წარმოადგენს. აქაურობა მდიდარია მინერალური წყლებით, რომელთა სამკურნალო თვისებების შესახებ უამრავ ამბავს მოისმენთ. უძირო ტბის ნახვა ყველაზე გავრცელებულ მიზეზად გვევლინება მოგზაურთა შორის. ის საინტერესოა მისი გარემოთი, სილამაზითა და ისტორიით. ხეობას თრუსოს დედათა მონასტრის დედები იცავენ. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული ნაგებობები და მოისმინოთ მრავლად და საუცხოოდ მოთხრობილი ლეგენდები ამ ადგილის შესახებ. ამ ყველაფრის დათვარიელება თრუსოს ხეობაში ველოტურითაც შეგიძლიათ.

გველეთის ჩანჩქერი

ეს საოცარი ადგილი, თავისი ყველა ნაწილით ჯადოსნურია. ერთი შეხედვით შთაბეჭდილება შეგექმნებათ, რომ ეს ნამდვილად სამყაროს საჩუქარია. ამაში დასარწმუნებლად კი ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ. გველეთის ჩანჩქერამდე მისვლა ძალიან ადვილია. ყაზბეგიდან მხოლოდ 7 კილომეტრია და შემდეგ 1 კილომეტრამდე ფეხით სასიარულო ბილიკი. აქ გამოყოფილია სპეციალური საკემპინგე ზონა, სადაც შესაძლებელია დაბანაკდეთ, განიტვირთოთ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით. ეს ადგილი ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებთ თავს. სადღაც შორს, ცაში, ორბების ლივლივსაც შენიშნავთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა