რა შეგიძლია ნახოთ ხულოში?
ხულო - დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 923 მ, ბათუმიდან 88 კმ., თბილისიდან 438 კმ. მოსახლეობა 1007 ადამიანი (2014). სახელწოდება „ხულოს“ ძველი ფორმაა „ხულა“ და ნიშნავს სავაჭრო სახლს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა. რა უნდა ნახო ხულოს მუნიციპალიტეტში?
ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში, მდინარე სხალთის სათავეებში, მაღალ ციცაბო კლდის წვერზე. ციხესიმაგრეში შედის სხვადასხვა ნაგებობები: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. ციხის ეტაპობრივ რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს.
ხიხანის ციხის ფართობი თითქმის ერთი ჰექტარამდეა. მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული. დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. ციხე სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას მდებარეობს, მას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნია. ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი - X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა).
ბაკოს ჩანჩქერები
ბაკოს ჩანჩქერები - მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკიბაკოსთან. სიმწვანეში ჩაფლულ მდინარის ხეობაში, გადმოედინება ორი ჩანჩქერი - ბაკოს დიდი ჩანჩქერი და ბაკოს პატარა ჩანჩქერი, რომლებიც უნიკალურ სანახაობას ქმნიან.
ბეშუმი
ბეშუმი - მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან 30 კმ.
მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 °C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0 °C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს.
სათხილამურო კურორტი გოდერძი
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. გოდერძი თბილისიდან დაშორებულია 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით.
ბეღლეთის მეჩეთი
ბეღლეთის მეჩეთი, რომელიც 300 წელზე მეტს ითვლის, ერთ–ერთი უძველესია აჭარაში. გადმოცემის თანახმად 1650-1700 წლების შუალედშია აგებული. თუმცა, მის ნაცვალდ არსებობდა პირველი შენობა, რომელიც დამწვარა. XIX საუკუნეში მეჩეთი თავიდან აუგიათ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე,1920–21 წლამდე, ის უბრალო ფიცრული ნაგებობა იყო. იგი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ამ მეჩეთში მოღვაწეობდნენ ისკენდერ თავართქილაძე, ჰუსეინ კახაძე, ილია შავაძე და სხვები. საბჭოთა პერიოდში ის ადმინისტრაციულ შენობად და საწყობად გამოიყენებოდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა შიდა ინტერიერის მოხატულობებს.
ბეღლეთის მეჩეთს 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეჩეთს მრავალი საჭიროება აქვს. გამოსაცვლელია ადგილობრივების მიერ შეცდომით ჩამაგრებული ე.წ. მეტალო პლასტმასის ფანჯრები ავთენტური ხის ფანჯრებით. ასევე, აუცილებელია ხის დამცავი საშუალებების გამოყენება.
