თეგებით ძიება

რა უნდა ნახო ჩოხატაურში?

ჩოხატაური - დაბა გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 150 მ., თბილისიდან 310 კმ. რა შეგვიძლია ვნახოთ ამ პატარა მუნიციპალიტეტში?

ბახმარო

ბახმარო არის მთის კურორტი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის ქმნის უნიკალურ გარემოს. შესაბამისად, აქვს ბუნებრივი სამკურნალო თვისებები. კურორტი წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულის, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზი მაღალი ნალექი და ინფრასტრუქტურის არარსებობაა. კურორტზე არ არის წყალგაყვანილობა და ელექრომომარაგებას ხშირად ხარვეზები აქვს. ზამთარში აქ მოხვედრა რთულია, თუმცა შესაძლებელია ბურანის ქირაობა- ჩოხატაურში და შედარებით ხელმისაწვდომია. კურორტზე ზამთრის განმავლობაში შესაძლებელია თოვლის მანქანის ქირაობაც, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზამთარში ტემპერატურა საშუალოდ -5C-ია, ზაფხულიც ზომიერად გრილია, საშუალო ტემპერატურა -14C. ბახმარო ჩოხატაურიდან დაშორებულია 52კმ-ით, თბილისიდან 340კმ-ით. გზის საფარი არის ასფალტიანი და შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით მისვლა. სიმაღლე ზღვის დონიდან 2050 მ. კურორტზე ტიპური ხის სააგარაკო სახლები დგას, რომელთა ქირაობაც შესაძლებელია.

ერკეთის ეკლესია

ერკეთის ეკლესია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ერკეთში მდებარეობს. იგი IX საუკუნით თარიღდება. ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია გურიის ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. ინტერიერში, მარჯვენა კედელზე, ეპისკოპოსის სამოსლითა და მიტრით, გამოსახულია ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III, რომელიც XVIII საუკუნეში ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა და ერკეთის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა. ძეგლი რამდენჯერმეა გადაკეთებული. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს ორი მინაშენით. შესასვლელი ორია - დასავლეთითა და სამხრეთით, ორივე შესასვლელი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი - თაღოვანი. გრძივი კედლები პილასტრებითაა დანაწევრებული. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ინტერიერში დაზიანებული სახით შემორცენილია გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობა. ფასადები სადაა. ორივე შესასვლელის თავზე ნახევარწრიულ, ლილვებით შემოსაზღვრულ ტიმპანში მოთავსებულია მარტივი რელიეფური ჯვარი. დასავლეთის კარებთან ვაზის ორნამენტაციის ფრაგმენტია შემორჩენილი. აღმოსავლეთის სარკმელს ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს. ფასადებს წრეთარგის მოხაზულობის ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია კარგად თლილი კვადრებით. ამჟამად ეკლესია მოქმედია, აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.

ჩოხატაურის კულტურის ცენტრი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი - ხელოვნების სასახლე ჩოხატაურის ცენტრში, გურიის მხარეში. ცენტრში ტარდება ტარდება მრავალფეროვანი ღონისძიებები. კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს ანსამბლები : „გურია“, „ამაღლება“, „მანდილი“, „ნართი“, „სალოტბარო სტუდია“, საესტრადო ჯგუფი „ჯინსების თაობა“, „ვაჟთა ვოკალური ანსამბლი“,ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფერხული“ და „ილეკრო“. ცენტრში ასევე ფუნქციონირებს სახალხო თეატრიც.

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მუზეუმი აგროვებს, შეისწავლის და ექსპოზიციაში ასახავს მხარის ისტორიას. იგი 1958 წელს დაარსდა. დაარსებიდან სამი წლის განმავლობაშის ხვადასხვა არქეოლოგიური გათხრებისა და ექსპედიციების შედეგად მოპოვებული იქნა მხარისათვის დამახასიათებელი უამრავი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური, მინერალოგიური, ნუმიზმატიკური და ხელნაწერი მასალა. მუზეუმის პირველი ექსპოზიცია გაიხსნა 1961 წლის 5 აგვისტოს.

2003 წელს   ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის, არქეოლოგის, აკადემიკოსის, საზოგადო მოღვაწის ნიკო ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა. მუზეუმში ფუნქციონირებს არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ისტორიისა და მუნიციპალიტეტის თანამედროვე ცხოვრების ისტორიის ამსახველი განყოფილება. 

მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა: ძვ. წ. V-VII საუკუნეების საბრძოლო და შრომითი იარაღები, ადრეანტიკური ხანის სამაროვანის არტე-ფაქტები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, XIX ს-ის საბრძოლო იარაღი:  ხმლები, ხანჯლები, მოვარაყებული თოფები. XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები,  მუსიკალური ინსტრუმენტები: ჩანგი, ფანდური, სალამური, მუსიკალური კარადა (პოლიფონი), გურიის ერისთავების პირადი არქივები, დოკუმენტური მასალა.

ერისთავების ციხე დარბაზი

გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში. ციხე აგებულია მაღალ გორაკზე XVII-XVIII-ე საუკუნეებში. იგი იყო საბრძოლო დანიშნულების და ერისთავების კუთვნილებას წარმოადგენდა. ციხე შემოფარგლულია 4 კედლით, რომლის თითოეული სიმაღლე 5 მეტრია, ხოლო სიგრძე 25 მეტრი. ციხის კედლებში დატანებულია სათოფურები, შიგნით მოთავსებულია მარანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. ციხის აღმოსავლეთით აგებულია პატარა სამლოცველო, რომელიც ამჟამად ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია. ირგვლივ კი გაშენებულია ულამაზესი დენდროლოგიური ტყე-პარკი, მრავალი ჯიშის იშვიათი ასწლოვანი მცენარეებით: სამი საუკუნის მუხა, ფანქრის ხე, კანფეტის ხე, სექვოია გიგანტი და სხვა. გურიის ერისთავების ციხე-დარბაზს და დენდროლოგიურ ბაღს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც უახლოეს ხანში დასრულდება.

ნაბეღლავი

ნაბეღლავი - ბალნეოლოგიური კურორტი და სოფელი, მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 475 მეტრზე, მდინარის გუბაზეულის სანაპიროზე. ჩოხატაურიდან 22 კმ დაშორებით. სოფელში გადის ჩოხატაური - ბახმაროს საავტომობილო გზა.

ნაბეღლავი განთქმულია უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით. აქ გამოედინება ძვირფასი მინერალური წყალი "ნაბეღლავი", რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, თირკმელების, ძვალ-სახსრების სამკურნალოდ. იგი იხმარება როგორც დასალევად, ასევე აბაზანების სახით. რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, თანაც - შეუზღუდავი რაოდენობით.

ნაბეღლავის წყარო 1905 წელს აღმოაჩინეს. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც პირუტყვი სხვებზე მეტად ეტანებოდა. წყალს განსაკუთრებული გემო და გამორჩეული სამკურნალო თვისებები აღმოაჩნდა. მალე საბადო მკვლევრებმა მოინახულეს. მათ წყლის სამკურნალო თვისებები მეცნიერულად შეისწავლეს და ნაბეღლავს ოფიციალურად მიანიჭეს კურორტის სტატუსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა