ის რაც აუცილებლად უნდა ნახო წალკაში - თბილისიდან 120 კმ.-ში
წალკა — ქალაქი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავისა და მდინარე ხრამის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1482 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 120 კილომეტრი. თუ წალკის მუნიციპალიტეტს ეწვევი აუცილებლად უნდა ნახო:
დაშბაშის კანიონი
დაშბაშის კანიონი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ხეობაში, სოფელ დაშბაშის მიდამოებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე. ბუნების ძეგლი მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს. მწვანეში ჩაფლული დაშბაშის ჩანჩქერი სამოთხისებური იდილიურობითა და სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავს. კანიონის პოპულარობა იმითაცაა განპირობებული, რომ ფეხით გასავლელი მანძილი მცირეა და ნებისმიერ მსურველს მარტივად, დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ამ საოცარ ადგილს ესტუმროს. მართალია დაშბაშის კანიონის ყველაზე ცნობილი ადგილი სწორედ დიდი კასკადური ჩანჩქერია, თუმცა კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს და კიდევ მრავალი საინტერესო და ძალიან ლამაზი ადგილის ნახვა შეიძლება, თუკი ბოდიალისა და თავგადასავლების მოყვარული ხართ და რელიეფის სირთულეც არ გაშინებთ. კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა და თვალწარმტაცი ჩანჩქერები სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის. ხრამის ხეობაში ასევე გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის შექმნილი გამოქვაბულები. სოფელ დაშბაშთან ახლოს არის ულამაზესი ტყე, რომელიც შესანიშნავი საპიკნიკე ადგილია და აუცილებლად მიგიზიდავთ მოწესრიგებულობითა და სასიამოვნო ჩრდილებით, მით უმეტეს თუ ზაფხულის ცხელი დღე შეარჩიეთ მოგზაურობისთვის.
თრიალეთის გერმანული ეკლესია
თრიალეთის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთში მდებარეობს. იგი 1906 წლით დათარიღებული გერმანული ტაძარია. ნაგებობა გოთური სტილისაა და ნაგებია ადგილობრივი ჯიშის რუხი ფერის ბაზალტის კარგად თლილი კვადრებით. ინტერიერში წყობა უხეშად დამუშავებული ფლეთილი ქვისაა რადგან შესალესად იყო გათვალისწინებული. სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ წაგრძელებულ მოზრდილ ნაგებობას სამხრეთის მხრიდან კარიბჭე აქვს სამსართულიანი, ოთხწახნაგა, ფანჩატურიანი სამრეკლოთი. ეკლესიის ფასადები პილასტრებით არის დასახსრული, რომელთა შორის თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. სამხრეთის ფასადის თხელ ერკერში მოქცეული თაღოვანი შესასვლელის ტიმპანი ფერადი ვიტრაჟითაა დეკორირებული, თაღი კი - ორმაგი თავსართითა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. შესასვლელის წინ ხუთსაფეხურიანი ქვის კიბეა. კარიბჭის მესამე სართული, რომელიც სამრეკლოს წარმოადგენს, სამ წახნაგზე შეწყვილებული თაღოვანი სარკმლებით და მათ შორის დატანილი წრიული ღიობებითაა მორთული. ჩრდილოეთის ფასადის მხრიდან შვერილ სამწახნაგა აფსიდში სამი თაღოვანი სარკმელია და მრუდწრეთარგიანი შესასვლელი. ფასადებს პროფილირებული ლავგარდანი ევლება.
ღვთისმშობლის ეკლესია
ღვთისმშობლის ეკლესია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშის ცენტრში. ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევებზე ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას XIX ს. აუშენებია ეკლესია. ეს ეკლესია დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ აფსიდი. გეგმაში ეკლესია წარმოადგენს აღმოსავლეთით ნალისებური აფსიდით დაბოლოებულ დარბაზულ ნაგებობას. სახურავი ჩამოქცეულია, ჩრდილოეთი კედელი მთლიანად მორღვეულია. ეკლესიაზე ყოფილა წარწერები, რომელიც დღეისათვის შემორჩენილი არ არის. წარწერიანი ქვა ყოფილა ეკლესიის ეზოშიც. ადგილობრივმა მოსახლეობამ უკანასკნელ წლებში გაასუფთავა ინტერიერი და ეზო. არქიტექტურული დეტალები და ძველი სამშენებლო ქვები დასაწყობებულია ეკლესიის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.
ახალქალაქის (დაშბაშის) წმინდა გიორგის ეკლესია
წმინდა გიორგის გუმბათიანი ეკლესია - "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა. მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში. წარწერის მიხედვით, X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ.
დასახლების პირვანდელი სახელი გახლდათ ახალქალაქი, დაშბაში კი მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოსახლებულმა თურქულენოვანმა მოსახლეობამ უწოდა.
წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, მდ. ხრამის მარჯვენა ქარაფოვან ნაპირზე. გუმბათიანი ეკლესია ნაგებია თლილი ქვით, გეგმაში ჯვრის ფორმისაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდით. ორი შესავლელი აქვს – დასავლეთი მკლავის სამხრეთი და ჩრდილოეთის მკლავის დასავლეთ კედელში. სამხრეთის კარი გადახურულია დიდი თლილი ქვით. სამხრეთი კარის თავზე და აღმოსავლეთ კედელზე წარწერებია. ეკლესია რესტავრირებულია. ეკლესიის სამხრეთით და ჩრდილოეთით სამაროვანია გამართული, სადაც გხვდება გამოსახულებებით შემკული საფლავის ქვები და ცხენის ქანდაკებები.
წალკის წყალსაცავი
წალკის წყალსაცავი — საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამის ხეობაში. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. შექმნილია ბეტონის კაშხალით ლავურ სერში გამომუშავებულ ვიწრო და ღრმა ხეობაში, ენერგეტიკული მიზნებისათვის 1946 წელს. სეზონური რეგულირებისაა. წყალსაცავზე დეკემბრიდან მარტის ბოლომდე იქმნება ყინულსაფარი. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ქცია-ხრამი.
ბერთას იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარი
ბერთას იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარი მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთას ტერიტორიაზე.
ტაძარი მდებარეობს სოფლის ცენტრში. იგი აგებულია ბერძნების მიერ ძველი ქართული ეკლესიის ადგილზე 1852 წელს. ტაძარი აგებულია ცუდად დამუშავებელი ქვებით. ძველი ქართული ეკლესიის ქვები გამოყენებულია დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში. ტაძარი სამნავიანია, ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორი წყვილი სვეტით. აღმოსავლეთით აქვს შვერილი აფსიდი. შესასვლელი დასავლეთიდანაა, იგი არქიტრავულია. სახურავი ორქანობიანია და დაბურულია ლორფინებით. ტაძარს შემოვლებული აქვს ფლეთილი ქვის გალავანი.