თეგებით ძიება

რისი ნახვა არ უნდა გამოგრჩეს თუ გარდაბანში მოხვდები?

გარდაბანი (ყოფ. ყარაია) - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე. ზღვის დონიდან 310 მ, თბილისიდან 39 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1969 წელს. მუნიციპალიტეტში შეგიძლიათ იხილოთ:

შავნაბადას მონასტერი

შავნაბადა – წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. შავნაბადის მონასტერი დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

1795 წელს, მას შემდეგ რაც აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო, სპარსელებმა ქალაქის ძარცვა-რბევა დაიწყეს. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა.

ლეგენდის მიხედვით, ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად დაბინევებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითქმის ყოველდღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ დავტოვებო.

ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადის მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო.

გარდაბნის ეროვნული პარკი

გარდაბნის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, აზერბაიჯანის საზღვართან. ეროვნული პარკი დაარსდა 1996 წელს. მისი ფართობი 3 484 ჰექტარია.

გარდაბნის ეროვნული პარკი ამ ტერიტორიაზე არსებულ ტყის კორომთა შენარჩუნების, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და იქ მობინადრე ფაუნის წარმომადგენელთა დაცვის მიზნით შეიქმნა.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი

მარტყოფის ღვთაების მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად მდებარეობს, იალნოს ქედზე. მონასტერი VI საუკუნეში დაარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, ანტონ მარტყოფელმა. მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლია. გარდა კულტურული ღირებულებისა, ხეებში ჩაფლული მონასტრიდან ვრცელი, ძალიან ლამაზი ხედებიც იშლება, რაც ბუნებისა და არქიტექტურის მშვენიერ სინთეზს ქმნის. 

წერილობითი წყაროების თანახმად VI საუკუნემდე მარყოფს აკრიანი (ქვიანი ადგილი) რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის გვამცნობს, რომ აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია. VI საუკუნის I ნახევარში აკრიანის მთებში მამა ანტონი დამკვიდრდა, რომელსაც განცალკევებით ცხოვრების გამო მარტომყოფელი, მარტყოფელი უწოდეს. შემდეგ ამ ადგილმაც მარტყოფის სახელწოდება მიიღო. ანტონ მარტყოფელმა მალე გაითქვა სახელი როგორც სასწაულმოქმედმა და მასთან თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოჰყვა. 1265 წელს „ოქროს ურდოს“ მბრძანებლის, ბერქა ყაენის ლაშქრობის შემდეგ, რომელმაც ქალაქი რუსთავი გაანადგურა, საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან მარტყოფში გადმოვიდა. 

მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და მამა ანტონის სახელობის ტაძრებს, სამრეკლოს, საბერეებსა და სხვა ნაგებობებს მოიცავს. მონასტერს სამხედრო დანიშნულებაც ჰქონია, მას სათოფურებიანი გალავანი ჰქონია შემოვლებული, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. გალავანი 1752 წელს ლეკებს დაუნგრევიათ და დღესდღეობით მხოლოდ ნაშთებიღაა შემორჩენილი. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთაების გუმბათიანი ტაძარია. იგი თავიდან უფრო დიდი ზომის ყოფილა. ეს ეკლესია მრავალჯერ დაზიანებულა და ამჟამად მის ნანგრევებზე უფრო მცირე ზომის ტაძარი დგას. ნაგებობის ძირში შემორჩენილია საძვალე. აქ არის ანტონ მარტყოფელის საფლავიც, ეკლესიის ჩრდილოეთ ნაწილში.

მრავალწყაროს ფერადი მთები

მრავალწყაროს ფერადი მთები კახეთში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ნახევარ უდაბნოს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 500-550 მეტრზე. იგი წარმოადგენს ვრცელი ბორცვების, ზეგნებისა და ციცაბოფერდობებიანი ცალკეული მაღლობების მშრალ ტერიტორიას, მწირი მცენარეულობით. "ფერადი მთები” მას აქ გავრცელებული სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა. აფერადებული, დაზოლილი მთები საოცრად შთამბეჭდავ და ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზეს გარემოში მოქცეული, ლურჯად მოლივლივე მრავალწყაროს წყალსაცავი და უძველესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი - მრავალწყაროს მონასტერი. მრავალწყაროს ფერადი მთები საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია და უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. ეს ადგილი ყველა სეზონზე ლამაზია, თუმცა გაზაფხულზე განსაკუთრებით, როდესაც ქანების მრავალფეროვნებას ახლადამოსული ბალახის ხასხასა სიმწვანეც უერთდება და უფრო ცოცხალ და კონტრასტულ ელფერს სძენს გარემოს.

ჯანდარის ტბა

ჯანდარის ტბა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, გარდაბნის ვაკეზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 292 მეტრზე. წყლის ზედაპირის ფართობია - 10,6 კმ², საშუალო სიღრმე 3,75 მეტრია, მაქსიმალური სიღრმე კი - 7,2 მ. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. მისი ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. ტბის შემოგარენში გავრცელებულია ნახევარუდაბნოსა და სტეპისთვის დამახასიათებელი ფლორა: ძეძვი, მწარე აბზინდა და სხვა. ალაგ-ალაგ გვხვდება ჭალის ტყის ფრაგმენტები, სადაც ძირითადად ვერხვი, ტირიფი და იალღუნია წარმოდგენილი. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ტბას არ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. მომწვანო ვრცელი ტბა და გაშლილი ხედები ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის. ეს ადგილი შესანიშნავია მსუბუქი გასვლებისთვის. ჯანდარის ტბა საინტერესოა ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის, ამ ადგილებს მიგრაციისას 20000-მდე წყალმცურავი ფრინველი სტუმრობს, მათ შორისაა: ვარხვი, ჩვამა, გარეული იხვი, ბატასინი და სხვა. ტბა თევზაობის მოყვარულებსაც იზიდავს, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის. აქ მოიპოვება: მტკვრის ნაფოტა, კობრი, ჭანარი, ლოქო, სქელშუბლა და სხვა. ტბის გარშემო ადვილად იპოვნით საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა