თეგებით ძიება

ის, რაც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საოცარ ბორჯომში

ბორჯომი - არის ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 11,000 ადამიანია (2024 წ.) მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრის და მისი მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან (უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრ სიმაღლეზე. თბილისიდან 150 კმ. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ბორჯომში მრავალი ადგილი შეგიძლიათ მოინახულოთ:

მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი (ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი) ქ. ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფ.ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარეობს. აქ დღესაც მამათა მონასტერია, სადაც ბერები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ლოცვას აღავლენენ. IX საუკუნის ეს ძეგლი, მეცნიერთა აზრით, ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. ეკლესია მონასტრის დაარსების თანადროულია და IX საუკუნის შუახანებით თარიღდება. XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.

პეტრეს ციხე

პეტრეს ციხე მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე. ის შუა საუკუნეების ძეგლია. პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ციხე ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. იგი ლიკანიდან ისტორიულ სოფელ ფაფისა და ნუასაკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას დარაჯობდა.

XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში — საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ. ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი.

ტიმოთესუბნის მონასტერი

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი სოფელ ტიმოთესუბანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. აგებულ იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერ.

ცენტრალური ტაძარი ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. გუმბათის ყელი შემკულია ლაჟვარდოვანი ჭიქურის ფიალებით. სიმაღლე 28 მეტრია (ჯვართან ერთად, სიგანე - 19 მეტრი, სიგრძე - 11 მეტრი. ჩრდილოეთის მხრის ფანჯრები ამოშენებულია და მოხატული. ტაძრის მოხატულობა თარიღდება 1205-1215 წწ-ით (თამარ მეფის ეპოქა) და თავის მხრივ უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთ-ერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის. ფრესკების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია. ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა წმინდა ბარბარეს სახელობის, ხოლო ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენელია ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალე.

ფირუზა

ცნობილი სანატორიუმი ბორჯომში, ბარათაშვილის ქ. 3 , ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარეობს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალური კონსულის - მირზა რიზა ხანის დასასვენებელი სახლი იყო ქალაქგარეთ, რომელიც კონსულს კავკასიაში 1892 წელს აგარაკად აუშენებია. კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა.

სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მოჩუქურთმებული შენობის ფასადი ყველა გამვლელ-გამომვლელს თვალს სჭრის. აივნის შიგნით, კედლები და ჭერი, ლამაზი, სარკესავით მბრწყინავი ორნამენტებითაა დაფარული. სახლს პატარა აბრა აქვს, რომელსაც აწერია: "მირზა რიზა ხანი". კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ფსევდომავრიტული ირანული, ქართული და ევროპული არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს და ქართულსპარსული ურთიერთობების განსხვავებულ ფაზას და პერიოდს ასახავს. სანატორიუმი "ფირუზა"- ს ანალოგია სპარსეთის კონსულის სახლი ჭონქაძის ქუჩაზე, ქალაქ თბილისში. ამ სახლში (რომელიც ადრე სპარსეთის საკონსულო იყო), სპარსეთის ელჩი - მირზა-რიზა-ხანი ცხოვრობდა.

კურორტი ბორჯომი

ქალაქი და კურორტი ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. ბორჯომისთვის დამახასიათებელია ზომიერად ნოტიოა ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იგი ბალნეო-კლიმატური კურორტია, ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სამკურნალო ფაქტორებია აგრეთვე კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო პერიოდია ივნისი-ოქტომბერი. ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ტურისტული ადგილია და უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ დაგხვდებათ კომფორტული სასტუმროები, კეთილმოწყობილი პარკი, საბავშვო გასართობები და ა.შ. მრავალი ადამიანი სტუმრობს ბორჯომის გოგირდის აუზებს, რომელიც განტვირთვისა და სტრესის მოხსნისთვის შესანიშნავი საშუალებაა. 

ქვაბისხევის მარიამწმინდა

ქვაბისხევის წმ. მარიამის მიძინების ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში მდებარეობს. იგი VIII-XIX საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა და მაღალი კლდოვანი ქედის კალთაზე, მცირე ბაქანზე დგას. აღმოსავლეთ ფასადი კლდეზეა მიბჯენილი. სამხრეთის ნავის ჩრდილოეთ კედელზე XII-XIII საუკუნეების ფრესკაა შემორჩენილი, რომელზეც ორი საერო პირია გამოსახული, მამაკაცი წარწერით ”შოთა” და ქალი- ”იაი”. სავარაუდოა, რომ ისინი ადგილობრივი ფეოდალური გვარის, თორელთა წარმომადგენლები არიან. მთავარი ნავი გვერდით ნავებზე გაცილებით განიერია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელსაც თაღოვანი სარკმელი აქვს. კონქი სფერულია. ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების ზედა ცენტრალურ ნაწილში კედელში ჩატანებულია კრონშტეინები. დასავლეთით კედლის ქვედა ცენტრალურ ნაწილში კარია, რომელიც გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი - თაღოვანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა