რისი ნახვა არ უნდა გამოგრჩეს აბაშაში?
აბაშა - ქალაქი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს აბაშასა და ნოღელას შორის, ზღვის დონიდან 23 მ სიმაღლეზე. ქალაქ თბილისიდან მდებარეობს დაახლოებით 258 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აბაშაში არის ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია. მოსახლეობა 5000-მდე ადამიანია. რა უნდა ნახო თუ აბაშაში მოხვდები:
აბაშის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
შენობა საბჭოთა დროს აშენდა და პიონერთა სასახლის ფუნქციებსაც ასრულებდა. კეთილმოწყობილი შენობა შეიძლება ითქვას, რომ აბაშის მთავარი კულტურული დაწესებულებაა. ცენტრი მრავალფუნქციურია: აქ ეწყობა წარმოდგენები, სხვადასხვა ღონისძიებები, არსებობს მოსწავლეთა წრეები და საგანმანათლებლო პროგრამები. შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა განახლება.
სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში მდებარეობს. იგი აგებულია XVIII საუკუნის ბოლოს ანტონ ჭყონდიდელის მიერ. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო რეზიდენციას წარმოადგენდა. ეკლესიას მრავალი ყმა ჰყავდა და დიდი შემოსავალიც ჰქონდა. სუჯუნის ეკლესიაში მრავალი ძვირფასი ხატ-ჯვარი ყოფილა დაცული. ტაძარი გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდით (საკურთხევლისა და პასტოფორიუმების).
ფასადებიცა და გუმბათიც თაღედებითაა დეკორირებული. შესასვლელებს მოჩუქურთმებული საპირეები აქვთ. ეკლესია ნაგებია თეთრი თლილი ქვით. ეკლესიის სამხრეთით ასეთივე ქვით ნაშენი ორსართულიანი მაღალი სამრეკლო დგას. სამრეკლოს ორივე სართული ოთხი მხრივ თაღებითაა გახსნილი.
გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში მდებარეობს. იგი გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება და სავარაუდოდ უფრო ძველი ეკლესიის ადგილას უნდა იყოს აგებული. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ფასადები სადაა, დაუნაწევრებელი, მხოლოდ მცირე ზომის რელიეფებია ჩართული, რომლებიც მთლიან მხატვრულ გადაწყვეტაში არსებით როლს არ ასრულებს. ნაგებობას ძალიან განიერი პროპორციები აქვს. შესასვლელი ორია - დასავლეთითა და სამხრეთით. ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი კვადრებით.
კაცობურის აღკვეთილი
კაცობურის ეროვნული პარკი - მდებაორებს აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. ეროვნული პარკის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი.
სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეებით თარიღდება. ტაძარს ეტყობა მოგვიანო გადაკეთების კვალი. ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, შვერილი აფსიდით. ცენტრალურ ნავი გვერდითა ნავებზე ოდნავ მაღალია, სიგანით კი მათზე თითქმის სამჯერ განიერია. ცენტრალურ და გვერდით ნავებს ერთმანეთთან სამ მასიურ სვეტზე დაყრდნობილი ორსართულიანი თაღედი გამოყოფს. გვერდითი ნავები ორსართულიანი ყოფილა.
ნავების აღმოსავლეთის ბოლოები თაღებით გამოყოფილი კვადრატული სათავსებია. ცენტრალურ ნავს პატრონიკეს იატაკის დონეზე ჰორიზონტალური სარტყელი შემოუყვება, ასეთივე სარტყელი აქვს აფსიდის კონქსაც. ინტერიერში შემორჩენილია გვიანი პერიოდის მოხატულობა. ეკლესიას დასავლეთით გვიანი პერიოდის წაგრძელებული ფორმის მინაშენი აქვს. ტაძარს ამჟამად სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. დასავლეთისა და ჩრდილოეთის შესასვლელები თავდაპირველია, სამხრეთისა კი გვიანაა გაჭრილი. ფასადები სადაა. ეკლესია ნაგებია შერეული წყობით.
