თეგებით ძიება

იცი სად მდებარეობს ერთადერთი ორგუმბათიანი ბაზილიკა საქართველოში?

გურჯაანის ყველაწმინდა - ერთადერთი ორგუმბათიანი ბაზილიკა საქართველოში, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. მდებარეობს კახეთის მხარეში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე, კახთუბნის ხეობაში. შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, ის სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს, თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს სხვა ქართული ძეგლებისაგან. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. ტაძრის  რეკონსტრუქცია 1938 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა წარმართა. 

გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი ყრმით) საღებავით ყოფილა დაწერილი, ხოლო გარშემო მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დაახლოებით 30 გოჯი იყო, ხოლო სიგანე - 7.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გურჯაანის ყველაწმინდა ჯერ კიდევ თამარ მეფის დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში ყოფილა, ხოლო XVII საუკუნიდან თავად ჯანო ანდრონიკაშვილის სამფლობელოს წარმოადგენდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თავად ნოდარ ჯორჯაძეს გადაეცა, რომლის სახელსაც უკავშირდება ტაძრის ძირეული რესტავრაცია და გადაკეთება XVII საუკუნეშივე. ის უმთავრესად შეეხო აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ დეკორატიულ თაღს, ასევე გამაგრდა დასავლეთ გუმბათის ყელი, კარნიზი და გადახურვა. სავარაუდოდ, ამ პერიოდშივე უნდა დაფარულიყო ტაძრის კედლები ფერწერით. ჩვენთვის უცნობია აქ არსებული მოხატულობანი.

ეკლესიის გეგმა რთული აგებულებისაა, ცალკეულ ნაწილებში იგი ორსართულიანია. აგებულია შერეული მასალით: კარგად შერჩეული ფორმის რიყის ქვით ამოყვანილია გარეთა კედლები, აფსიდა, გვერდითი ნავები და პატრონიკეები; შირიმი ნახმარია კედლების კუთხეებში (წყობის გასამაგრებლად), ხოლო აგურით ამოყვანილია მთელი შუა ნავი, კედელ-კამარა-გუმბათებიანად. ჩვეულებრივი კვადრატული აგურის გარდა, აქ გვხვდება საგანგებო ფორმის აგური სვეტისთავებისა და სხვა სპეციფიკური დეტალებისათვის.

ნავებიცა და გუმბათიც გადახურულია ღარისებური კრამიტით. ტაძრის ინტერიერი სამ ნავად იყოფა. შუა, მაღალი ნავი ორფერდა სახურავითაა გადახურული, ნალისებრი აფსიდით სრულდება და სამი კვადრატისაგან შედგება. პირველსა და მესამე კვადრატებზე ამოყვანილია რვაწახნაგა გუმბათები ტრომპების მეშვეობით (ტრომპი კონსტრუქციაა, რომლითაც გუმბათის წრიული საფუძველი საფეხურებრივად უკავშირდება საყრდენ კვადრატს). დასავლეთი გუმბათი ოდნავ მაღალი და განიერია, ვიდრე აღმოსავლეთი. ტაძარს შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა