თეგებით ძიება

რა უნდა ნახო თიანეთში - ლამაზი და ისტორიული ადგილი თბილისთან ახლოს

თიანეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე რაიონია, რაზეც აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც მოწმობენ. თიანეთი, როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება, ისტორიულ წყაროებში პირველად IV საუკუნეში ჩნდება.

დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, მირზა გელოვანის მუზეუმი. თიანეთი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია, რომელსაც აქვს პროფილაქტიკური პულმონოლოგიური პროფილი. თიანეთის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის — ცხრაკარის სასახლის ნანგრევები. საავტომობილო გზებით უკავშირდება თბილისს, ახმეტას, ჟინვალს. მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, თბილისიდან დაშორებულია 75 კილომეტრით. რა უნდა ნახოთ მუნიციპლიტეტში?

სიონის წყალსაცავი

სიონის წყალსაცავი - წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. 

საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს. მაქსიმალური დონე ივლისის მეორე ნახევარშია, მინიმალური - მარტში.სიონის წყალსაცავი იგივე სიონის ტბა პოპულარული ადგილია სხვადასხვა აქტივობებისთვის, თევზაობა, ნავით სეირინობა, პიკნიკების მოწყობა, ლაშქრობა და სხვა.

ბოდოჯის სასახლე / კეხა ციხე

ბოდოჯის სასახლე მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ჩრდილო–დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, პატარა ბორცვზე. ს. ჯანაშიას აზრით, სასახლე კახეთის მეფეს კვირიკე III-ს (1010–1032 წლები) ეკუთვნოდა. კახეთისათვის ბრძოლის დროს, მეფე ბაგრატ IV (1027–1072 წლები), XI საუკუნის 40-იან წლებში, დაარბია და გადაწვა ბოდოჯის სასახლე: „გარდაადგა თიანეთს, და დაწუა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდის კუირიკე მეფისაგან აგებული“.

1969 წელს ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რ. რამიშვილი, სასახლეზე ჩაატარა მცირე გათხრები. გაიჭრა რამდენიმე თხრილი: პირველი - დიდ დარბაზში, მეორე - თაღები ან ოთახში, მესამე - ოთახების დასავლეთის ჯგუფის ერთ-ერთ ოთახში გათხრების შედეგად დადგინდა, რომ სასახლეზე ერთფენიანი ძეგლია, მაშასადამე, მან დროის მოკლე მონაკვეთში იარსება.

ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკა

ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკა - იგივე წმ. გიორგის ხატი, მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ამჟამად წყლით დატბორილ სოფელ საყარაულოსთან ახლოს, ივრის მარჯვენა შემაღლებულ ნაპირზე.

ჟალეთის სამნავიან ბაზილიკას ადგილობრივი მოსახლეობა წმინდა გიორგის ხატს უწოდებს (გათხარეს 1958-1960, რესტავრირებულია 1961-1962 ). სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ბაზილიკას შეცდომით ეწოდა ჟალეთის ეკლესია. აღნიშნული ბაზილიკა თარიღდება IX-X საუკუნეებით. იქვე აღმოჩენილია რელიეფური სახეებით შემკული სანათლავი, რომელიც თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

არჩილის მონასტერი

არჩილის მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნადოკრასთან ახლოს მდებარეობს. იგი სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: ორი დარბაზული ეკლესია, ხუთსართულიანი კოშკი, მარანი, საცხოვრებელი შენობი და გალავანი. ნაგებობათაგან ყველაზე ძველი VIII საუკუნის დარბაზული ეკლესიაა. ტაძარში სამარხია, რომელიც ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის საფლავად მიიჩნევა. აღნიშნული ეკლესიის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან განვითარებულ შუა საუკუნეებში მეორე ეკლესია აუგიათ, XVII-XVIII საუკუნეებში კი კოშკი და სხვა ნაგებობები აუშენებიათ.

ბოჭორმის ციხე-კომპლექსი

ბოჭორმის ციხე-კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ციხის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. წერილობით წყაროებში იგი პირველად X საუკუნეში იხსენიება. ბოჭორმის ციხე X საუკუნეში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო, ის ასევე კახეთის პოლიტიკურ ცენტრსაც წარმოადგენდა. 914 წელს ციხე დროებით არაბებმა დაიკავეს. გარკვეული დროის მანძილზე, კახეთის სხვა მნიშვნელოვან ციხეებთან ერთად, ბოჭორმას ბაგრატ IV ფლობდა, თუმცა მალე იძულებული გახდა იგი უჯარმასთან ერთად განძის ამირა ფადლონის საფასურად კახეთ–ჰერეთის მეფე აღსართანისათვის დაეთმო. XVIII საუკუნეში ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი ერეკლე II–მ აღადგინა. 1747 წელს ერეკლე II–სა და ტახტის მაძიებელ აბდულ–ბეგს შორის ბრძოლა გამწვავდა და მეფე ბოჭორმის ციხეში გამაგრდა. ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო. ბოჭორმის ციხემ საუკუნეთა მანძილზე მრავალი ცვლილება განიცადა და ჩვენამდე ძალიან დაზიანებული სახით მოაღწია. კომპლექსი მოიცავს გალავანს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და თავდაცვითი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. ბოჭორმის ციხე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურულ ისტორიული ძეგლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა