ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრი - ნიკორწმინდა
ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.
XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს. ამ ფაქტის დამადასტურებელია 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისათვის ბოძებული სიგელი:
„ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ... ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა... და შევქმენ საყდრად საეპისკოპოსოდ.“
ნიკორწმინდის შესახებ ბევრი ისტორიკოსი თუ მოგზაური წერდა. XVIII საუკუნეში ტაძარი დაუთვალიერებიათ რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს: „გავემგზავრეთ ალექსანდრე მეფის რაჭაში... ეკლესია ქვისაა, დიდი, საქმედ საკვირველი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე... ეკლესიის ახლოს არის ქვის გალავანი ორი კარით. იმავე ეკლესიაში დასაფლავებული არიან მეფის მახლობელი ნათესავები... აკლდამები გამართულია ეკლესიის კედლებში“. ელჩების ჩანაწერებში მოხსენიებულია ეკლესიის გალავანი, რომელიც დღესდღეობით მორღვეულია, მხოლოდ მისი ნაშთებია შემორჩენილი. ხოლო რაც შეეხება მეფის ახლობელთა აკლდამებს, ისინი ძეგლის განახლებისას გადაუფარავთ.
ეკლესია ფორმით ცენტრალურ-გუმბათოვანია. ტაძრის ექსტერიერი რთულია და ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით.
ტაძარში არსებული რთული მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება და გამოკვეთილია მხატვრობის ორი ფენა. მრავლადაა საერო პირთა პორტრეტები, რომელთაც თან ახლავს წარწერები. ვარკვევთ, რომ ნიკორწმინდა გვიანშუასაუკუნეებში ადგილობრივი თავადების, წულუკიძეთა საძვალეს წარმოადგენდა.