თეგებით ძიება
08. 08. 2025 ისტორია

თანამედროვე ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი - დარიალის სამონასტრო კომპლექსი

დარიალის სამონასტრო კომპლექსი თანამედროვე ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია. რუსეთ–საქართველოს საზღვართან აგებული დახვეწილი არქიტექტურის მონასტერი, უშუალოდ ხაზს უსვამს ქართული ერის პატრიოტიზმს, სიმტკიცეს და ამასთან, უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი მოგზაურის ინტერესის სფეროში ხვდება.

დარიალის სამონასტრო კომპლექსი არა მარტო ხურთმოძღვრებისთვის მნიშვნელოვანი შედევრი, არამედ მკვეთრად გამოხატული გეოპოლიტიკური სიმბოლოა საქართველოსთვის. მისი მდებარეობა, კომპლექსის ირგვლივ არსებული ულამაზესი ბუნება და ეკლესიათა გასაოცრად დახვეწილი არქიტექტურა, სამონასტრო კომპლექსს კიდევ უფრო განსხვავებულსა და უნიკალურს ხდის.

ეს არის სამონასტრო კომპლექსი, რომლის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და მისი კურთხევა, საქართველოს კათალიკოსის, ილია მეორის მიერ ოფიციალურად, 2011 წელს მოხდა. სამონასტრო კომპლექსის გეგმაში 12 ტაძრის მშენებლობა შედის. ქვეყნის უკიდურეს, ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე ტაძარი და ეკლესიები ყაზბეგის ულამაზეს მთებს შორისაა მოქცეული, რაც ძეგლს კიდევ უფრო მეტ დიდებულებას სძენს. გასაოცარი მთის ხედებით, ულამაზესი ეზოთი და დახვეწილი თლილი ქვის ელემენტებით, დარიალის სამონასტრო კომპლექსი, ერთ–ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ყაზბეგში.

დარიალის სამონასტრო კომპლექსი გამორჩეული არქიტექტურული ელემენტების მქონეა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლად აშენებული ხუროთმოძღვრული ძეგლია, კვლავ იმეორებს ძველებური სტილის არქიტექტურას, როგორც მასალაში, ასევე ტაძრის გარე ფასადის ელემენტებში. განსხვავება მხოლოდ შიდა ფასადშია, რომელიც ძველი ეკლესიებისგან განსხვავებით, ბევრად მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და ორიენტაცია ხატწერის ნიმუშებზეა გაკეთებული.

სამონასტრო კომპლექსს გარს აკრავს გალავნის ტიპის შენობა, რომელიც ორივე მხარეს ძველებური სტილის მქონე კოშკებით ბოლოვდება. გალავნის შუა ნაწილი ნახევარწრიული მოხაზულობისაა და მის ცენტრში აგებულია მთავარი ტაძარი, რომელიც წმინდა მთავარანგელოზთა სახელობისაა. ტაძრის გვერდით კი აგებულია სამრეკლო, ღია ტიპის სარკმლებიანი გუმბათით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა