თეგებით ძიება

დიდებული ხევსურეთი - რა უნდა ნახო?

ხევსურეთის ფართობი დაახლოებით 1050 კვადრატული კილომეტრია. რეგიონი რთული რელიეფით გამოირჩევა, სადაც მრავალი ღრმა ხეობა და ციცაბო ფერდობია. ჰავა რეგიონში გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება: პირაქეთა ხევსურეთში სიმაღლე ზღვის დონიდან 650-2000 მეტრამდე მერყეობს, აქ ჰავა შედარებით რბილია. პირიქითა ხევსურეთი კი ზღვის დონიდან 2800-4500 მეტრზე მდებარეობს, სადაც ჰავა ალპურ ზონაში ვრცელდება და შესაბამისად მეტად მკაცრია.

რეგიონის კლიმატი ტიპურია მაღალმთიანი საქართველოსთვის: ზამთარი გრძელი და ცივია, ხოლო ზაფხული მოკლე და გრილი. პირიქითა ხევსურეთში ზამთრის საშუალო ტემპერატურა -12°C-დან -18°C-მდე მერყეობს, ზაფხულში კი +10°C-დან +14°C-მდე. პირაქეთა ხევსურეთში ზამთარი უფრო რბილია, ხოლო ზაფხული და შემოდგომა თბილი და მზიანი. რეგიონში თოვლის საფარი 4-5 თვე რჩება.

ღირსშესანიშნაობები: რა ვნახოთ ხევსურეთში?

დათვისჯვრის უღელტეხილი  ზღვის დონიდან 2676 მეტრზე მდებარე წერტილია, რომელიც ყოფს პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთს. ეს უღელტეხილი ცნობილია თავისი უნიკალური ხედებითა და ისტორიული მნიშვნელობით, რადგან საუკუნეების განმავლობაში მთავარი სავაჭრო და საკომუნიკაციო გზა ჩრდილოეთ კავკასიასთან იყო. თუმცა, მოლაშქრეებისთვის იგი საკმაოდ რთულია, რადგან ხშირად დაფარულია ნისლით, განსაკუთრებით ცივ სეზონზე.

აბუდელაურის ფერადი ტბები მდინარე აბუდელაურის ხეობაში მდებარე, ზღვის დონიდან 2600 მეტრზე განგალებული სამი ტბის ერთობლიობაა. ლურჯი და მწვანე ტბების მონახულება ადვილია, ისინი სოფელი როშკიდან 7 კილომეტრშია, თუმცა ჭაუხის ძირში, თეთრ ტბამდე მისაღწევად საჭირო ხდება მოლაშქრის გამოცდილება.

კისტანის ციხე  ისტორიული ციხე-სოფელია, რომელიც მაღალ მთაზე მდებარეობს. ციხის სახლები ერთმანეთისგან ტერასებად იყო განლაგებული: ერთი სახლის სახურავი სხვა სახლისთვის ტერასას წარმოადგენდა. სოფლის გალავანი კედლების გარე მხარეს გადიოდა. დღეს ციხე ძირითადად ნანგრევებადაა გადაქცეული, თუმცა კისტანი ციხის ნანგრევები ჯერ კიდევ კარგად არის შემორჩენილი.

შატილი ციხე-სოფელია, რომელიც ხევსურეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლია და 60-მდე კოშკისგან შედგება. კოშკები ერთმანეთთან ვიწრო ქუჩებით და გადასასვლელებით არის დაკავშირებული. სოფელს გარე სამყაროსთან მხოლოდ ერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, ისტორიული მნიშვნელობით და ამჟამად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

მუცო ისტორიული ციხე-სოფელია, რომელიც მდებარეობს ციცაბო კლდეზე და შედგება საცხოვრებელი კოშკებისა და საბრძოლო ნაგებობებისგან. სოფელ მუცოში 40 სახლი იყო, რომლებიც ვერტიკალურად, ტერასებად იყო განლაგებული, თუმცა მხოლოდ ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი შემორჩა. განსაკუთრებით საინტერესოა რომ სიღრმისეული რეაბილიტაციის შემდეგ, ნაგებობები თითქმის სრულად აღდგა პირვანდელი სახით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა