ლეგენდებით სავსე დიდებული ხვამლის მთა - რა იცი მასზე?
დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ათასწლეულების ისტორიას ინახავს. აქ ვხვდებით წინაქრისტიანულ ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებსა და ტაძრებს, მწვანეში ჩაფლულ ბუნებას, ულამაზეს ტბებსა და ვრცელი ხედებით დახუნძლულ წალკოტებს. სწორედ დასავლეთ საქართველოში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 2002 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხვამლის მთა უღრანი ტყით არის დაფარული და მთლიანად დახრამულია. აქ გარედან 19 გამოქვაბულს შეხვდები, მათ შორისაა თეკენთერი ანუ თეკენთერის ჭა და ყინულოვანი მღვიმე - ბოგა.
ანტიკური წყაროების თანახმად, ხვამლის მთა არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის ადგილად მიიჩნევა. ეს არის მთა, რომელზედაც, ზევსის ბრძანებით, პრომეთე მიაჯაჭვეს. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, მთის ქვაბულებში ქართველ მეფეთა განძია გადამალული. ამ ვერსიას უკავშირებენ 1939 წელს, სტალინის ბრძანებით, ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში ცნობილი ალიოშა ჯაფარიძის ასვლას, რომელმაც განძეული ვერ იპოვა.
ხვამლის მთის საიდუმლომ ისეთი ცნობილი ფრანგი მწერალიც კი დააინტერესა, როგორიც ჟიულ ვერნია. თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ ის წერდა: „ამ მთებში, რომლებიც კვეთს ჰორიზონტს თანამედროვე ქუთაისთან, იაფეტისა და კლიმენეს შვილი პრომეთე, რომელმაც ცეცხლი მოიტაცა, იუპიტერის (ზევსის) ბრძანებით, ხომლის მწვერვალზე მიაჯაჭვეს და მას ყორანი უკორტნის გულ-ღვიძლს“.
ხვამლის მთასთან არსებული ერთ-ერთი გამოქვაბულის კედლებზე არქეოლოგებმა ციურ მნათობთა სქემის ნახატიც აღმოაჩინეს - ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს სქემა 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს.