160 ოთახით და 2000 კარი - სახლი-ლაბირინთი, რომელიც 38 წელი შენდებოდა
წინა საუკუნეში აშენებულ ვინჩესტერის იდუმალ სასახლეს მრავალი ლეგენდა და ტრადიცია უკავშირდება. მისმა მფლობელმა, ექსცენტრიულმა ქვრივმა სარა ვინჩესტერმა სახლი შეგნებულად აქცია გარდაცვლილთა სულების თავშესაფარად. რატომ?
ფილმში "ვინჩესტერი - სახლი, რომელიც მოჩვენებებმა ააშენეს" მთავარ როლს ჰელენ მირენი ასრულებს. მსახიობმა ეკრანზე განასახიერა ცნობილი სარა ვინჩესტერი, ამერიკელი ქვრივი, რომელმაც გარდაცვლილი ქმრის პატივსაცემად ააშენა სახლი ას სამოცი ოთახით და ორი ათასი კარით. ექსცენტრიული დიზაინის პროექტი მხოლოდ ერთი მიზნით აშენდა - გზა-კვალი აერია სულებისთვის, რომლებიც, ქალს ეგონა, რომ მას უთვალთვალებდნენ.
მშენებლობის დაწყები1884 წლიდან, სახლს უამრავი ლეგენდა უკავშირდება.
ათობით ჩიხი, კიბე, კედლებში ჩასმული კარები, ბევრი ლაბირინთი... სულაც არ არის გასაკვირი, რომ ჰოლივუდმა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი იმ ქალის ცხოვრებაზე, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული ამ სახლთან. ვფიქრობთ, ეს ისტორია თქვენც დაგაინტერესებთ.
სარა ვინჩესტერი 1840 წელს კონექტიკუტის შტატში, ნიუ ჰევენში, მდიდარ ოჯახში დაიბადა. გოგონა კარგ სარძლოდ ითვლებოდა და მამამისმა ლეონარდმა, შესაფერისი საქმროს ძებნა დაიწყო. იგი მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა სიძის არჩევის საკითხს და კანდიდატებად მხოლოდ მილიონერებს განიხილავდა. ლეონარდის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: სარამ უილიამ ვინჩესტერის, ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი კომპანიის მფლობელის ყურადღება მიიპყრო. სწორედ სასიძოს მამამ, ოლივერმა, გამოიგონა ცნობილი ვინჩესტერის თოფი, ერთ-ერთი პირველი ფართოდ გამოყენებული იარაღი.
ვინ იფიქრებდა, რომ ამ იარაღიდან მოკლული უამრავი ადამიანის სული შემდეგ სწორედ სარაზე იძიებდა შურს.
სარა 1862 წელს დაქორწინდა უილიამზე. ქორწილიდან ოთხი წლის შემდეგ მათ ქალიშვილი ენი შეეძინათ, რომელმაც მხოლოდ ერთი თვე იცოცხლა და გაურკვეველი ავადმყოფობით გარდაიცვალა. 1881 წლის მარტში მისტერ ვინჩესტერი ტუბერკულოზით დაავადდა და მოულოდნელად გარდაიცვალა, ცოლს კი მემკვიდრეობით ხუთას ოცი ათასი დოლარი დაუტოვა.
ქალბატონ ვინჩესტერს ფული ნაკლებად აინტერესებდა. მას სხვა რამ აწუხებდა, ერთ კითხვა არ ასვენებდა: რატომ დასაჯა ბედმა ასე? ჯერ ერთადერთი ქალიშვილი გარდაეცვალა, შემდეგ კი ქმარი. სარამ გადაწყვიტა მედიუმს სწვეოდა, რომელიც ამ კითხვაზე პასუხი "უპოვა" - უილიამის სული მეუბნება, რომ ვინჩესტერების ყველა უბედურება მამამისის მიერ შექმნილი თოფით მოკლული ყველა ადამიანის წყევლის ბრალიაო.
ექსტრასენსმა თქვა, რომ ქვრივი მშვიდად ცხოვრებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდა, როცა სპეციალურ სახლს ააშენებდა , რომელშიც მიცვალებულთა აჩრდილები ვერ შეძლებდნენ მისთვის ზიანის მიყენებას.
მედიუმის მითითებით, შენობა დასავლეთ შტატში უნდა აშენებულიყო, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი მოკლეს ვინჩესტერის თოფიდან. გარდა ამისა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მშენებლობის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში სარა მოკვდებოდა. ამერიკელი ქალის ფსიქიკური მდგომარეობა მისი ქალიშვილისა და ქმრის გარდაცვალების შემდეგ იმდენად არასტაბილური იყო, რომ მან ექსტრასენსის ნათქვამი ყველა სიტყვა დაიჯერა.
1868 წელს სარა საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა და რვა ოთახიანი სახლი იყიდა. მან მაშინვე დაიწყო მისი აღდგენა და ახალი ოთახების დამატება, შედეგად მიიღო ოცჯერ მეტი - ას სამოცი ოთახი. ქალბატონი ვინჩესტერის ბრძანებით დურგლებმა სახლი ნამდვილ ლაბირინთად აქციეს. ეს ყველაფერი აუცილებელი იყო ბოროტი სულების დასაბნევად. მილიონერმა ხარჯები არ დაზოგა რემონტისთვის, რომელიც ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში გაგრძელდა, მუშები ამ ხნის განმავლობაში ოცდაოთხი საათი მუშაობდნენ! სარას ყოველდღე ახალ ოთახში ეძინა, რათა მის "მატანჯველებს" არ ეპოვათ.
ორმოცი საძინებელი, ცამეტი სველი წერტილი, ექვსი სამზარეულო, ორი უზარმაზარი სამეჯლისო დარბაზი, რამდენიმე ათეული კიბე (ზოგი მიზანმიმართულად ეყრდნობა ჭერს), ორი სარდაფი, ბევრი კარი, რომელიც კედლებში იღნება, ოთახის ზომის კარადა - ეს არ არის სახლის ყველა "საოცრება". ქალმა ბრძანა, რამდენიმე კარის დამონტაჟება ზედა სართულებზე, რომელიც პირდაპირ ქუჩაში გადის. "სახლში, რომელიც მოჩვენებებმა ააშენეს" არის ოთახები ოთახებში, ზოგიერთი აივანი ქუჩაში კი არ გადის, არამედ ისევ შენობაში. ქალბატონ ვინჩესტერს რიცხვი ცამეტი ძალიან უყვარდა: თითქმის ყველა კიბეს ცამეტი საფეხური აქვს, ბევრ ოთახში ამდენივე ფანჯარაა და მთელ შენობაში დაახლოებით ათი ათასი საფეხურია...
თუ ფიქრობთ, რომ ყველა ოთახი ერთმანეთს ჰგავს, ძალიან ცდებით. მაგალითად, მისაღები დარბაზი მთლიანად წითელი ხით არის მოპირკეთებული, ერთ-ერთი საძინებელი კი შპალერით. ბევრ ოთახს ჰქონდა ვიტრაჟები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი (ზოგიერთი მათგანი იატაკშიც კი არის ჩაშენებული).
