საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი "მცირედი გადაჭარბების“ ზონაშია - ქირის ფასი კი შემცირებას განაგრძობს“
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამავე კვლევის თანახმად, ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 25 219 შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია.
კვლევის ავტორების შეფასებით, მოთხოვნასთან ერთად დასტაბილურდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასიც. როგორც „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები ევროპის რიგ ქვეყნებში არსებულ დონეს უახლოვდება.
„თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისად, ქირა განაგრძობს შემცირებას. მაგალითისთვის, 2025 წლის აგვისტოში საშუალო გასაქირავებელმა ფასმა 1 კვადრატულ მეტრზე თბილისში 10.2 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ქირის შემცირებასთან ერთად მცირდება ამონაგები უძრავ ქონებაზე,“ - ვკითხულობთ მიმოხილვაში.
ამავე კვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება აგრძელებს ზრდას და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. 2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია.
ამასთან, როგორც „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2024 წლის მეორე კვარტლიდან, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი „მცირედი გადაჭარბების“ ზონაშია, თუმცა ინდექსი დაღმავალია და სტაბილური ბაზრის ფაზაში შედის.
