თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2026 წლიდან დაიწყება - დეტალები
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2026 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულდა.
„E-60 ავტომაგისტრალის, ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოსავლელი გზა) საავტომობილო გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულდა“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში
ინფორმაციისთვის, თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის გზის) საპროექტო სიგრძე დაახლოებით, 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი. აქედან პირველ ორ ლოტზე, კერძოდ, წიწამური-ავჭალისა (ლოტი 2) და ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა იგეგმება.
რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, თბილისის შემოვლითი გზის 51 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სავარაუდოდ, 620 მლნ დოლარი დაჯდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პროექტის შესახებ მომზადებული გეგმასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში.
თანხა ლოტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2) მონაკვეთი - სიგრძე 6.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზის; ასევე ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 150 მლნ დოლარია;
ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მონაკვეთი - სიგრძე - 22.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, საფეხმავლო გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა და 4 არსებული გვირაბის ადაპტირება; სავარაუდო მშენებლობის ღირებულება - 300 მლნ დოლარია;
აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) მონაკვეთი - სიგრძე - 10.9 კმ.ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაგეგმილია 3 კვანძის მშენებლობა, 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), და 2 საფეხმავლო ხიდის (გეზ-ის და კახეთის გზატკეცილის ზონაში) მოწყობა. დაგეგმილი ხიდებიდან ერთს აქვს უშუალო შეხება მდინარესთან (მდ.ლოჭინის კვეთა); მშენებლობის ღირებულება - 100 მლნ დოლარია;
ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთი - სიგრძე - 11 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კვანძის მშენებლობა; საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 9 სახიდე გადასასვლელის (6 ხიდი თითო მიმართულებით მთავარ გზაზე და 3 ხიდი მეორად გზაზე და გზაგამტარებზე) მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 70 მლნ დოლარია.