თეგებით ძიება

2024 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 204 ლარით 1 971 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

შარშან დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 204 ლარით 1 970.8 ლარამდე გაიზარდა. წლიური ზრდა ჯამში 11.5%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქსტატი საშუალო ხელფასს საშემოსავლო გადასახადის მიხედვით თვლის, რაც ნიშნავს, რომ შარშან რეალური საშუალო ხელფასი 1577 ლარი იყო.

2024 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში იყო:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 923 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2%);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3 677.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 14%);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 823 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.6%-ით).

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 241 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

რაც შეეხება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს, მათი საშუალო თვიური ხელფასი 436 ლარით (20.6 %) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულების საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით. 2023 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 13%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 11%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 680 და 2 116 ლარი შეადგინა.

2024 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნესს) სექტორში 197.2 ლარით (11%) გაიზარდა და 2 024 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 007 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.2%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 147 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 12%-ით) დარგში ფიქსირდება.

2024 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 217 ლარით (13.2%) და 1 867 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა