თეგებით ძიება

„რამდენიმე წელი, უფასოდ იყენებენ სხვის ქონებას“ - როგორ დავიცვათ თავი ბინის თაღლითი დამქირავებლებისგან

საქართველოში ბინის გაქირავების ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება არაკეთილსინდისიერი დამქირავებლების საკითხი. კვლავაც შეგხვდებათ შემთხვევები, როდესაც დამქირავებელი მესაკუთრეს ქირის საფასურს არ უხდის და არც საკუთრებას ტოვებს. დაზარალებული მესაკუთრე იძულებული ხდება კერძო საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, მიმართოს სასამართლოს, სადაც პროცესები წლობით გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა აქტუალურია, საკანონმდებლო დონეზე საკითხი კვლავაც დასარეგულირებელი რჩება.

იმის შესახებ, თუ რა ზომებს შესაძლოა, მიმართონ მესაკუთრეებმა საკუთრების გაქირავებამდე, „ბიზნესპრესნიუსი“ იურიდიული კომპანია „ოქეი ენდ სი ჯი“-ს დამფუძნებელსა და ადვოკატს, ოთარ კაჭკაჭაშვილს ესაუბრა:

„სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებს ამ პრობლემის ნაწილში ვერ ვხვდებით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს, არსებობს სასამართლო გამოსახლება, თუმცა ამ შემთხვევაში მესაკუთრის უფლებების დაცვა დროსთან არის დაკავშირებული. თუ მესაკუთრემ მიმართა სასამართლოს, ის აღმოჩნდება რამდენიმეწლიან სამართალწარმოების პროცესში, რაც ხელს აძლევს არაკეთილსინდისიერ დამქირავებელს, ფაქტობრივად, რამდენიმე წელი უსასყიდლოდ გამოიყენოს სხვისი ქონება და სასურველ პერიოდში დატოვოს ბინა.

შესაძლოა, გამოითქვას ოპონენტების მხრიდან მოსაზრება, რომ „ხომ შეიძლება მესაკუთრემ მფლობელობის განმავლობაში პირს თანხა დააკისროს“ - სამწუხაროდ, ხშირად იმ პირებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, არ გააჩნიათ რაიმე ტიპის აქტივები, ქონება და შემოსავლები, საიდანაც მესაკუთრე კომპენსაციის შემთხვევაში თანხის ამოღებას შეძლებს. უცხოელების ნაწილში ხშირია შემთხვევა, როცა პირი მოულოდნელად ტოვებს ქვეყნის საზღვრებს და მათ წინააღმდეგ სამართალწარმოება ხშირად ხელმისაწვდომი არ არის“, - აცხადებს ოთარ კაჭკაჭაშვილი.

ამასთანავე, იურისტი საუბრობს იმის შესახებაც, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა, რომ არაკეთილსინდისიერი დამქირავებლისგან თავი დაიზღვიონ:

"რაც დრო გადის და მეტი პრობლემა არსებობს ბაზრის ამ სეგმენტში, ადამიანები წინა პერიოდებთან შედარებით, იურიდიულ მხარეს მეტად აქცევენ ყურადღებას. მომატებულია მომართვიანობა, ხშირად მოგვმართავენ კონსულტაციებისთვის, რათა განსაზღვრონ, თუ რა უნდა გააკეთონ, ვისთან შესაძლოა დაიჭირონ ურთიერთობა და ა.შ. მოქალაქეებს ვურჩევდი, რომ კონსულტაციები წინასწარ გაიარონ იურისტებთან, რათა მოსალოდნელი რისკებისგან თავი დაიცვან.

წინასწარ კარგად უნდა შეირჩეს კონტრაქტორი, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება და კონტრაქტში უნდა ჩაიდოს დაცვის ბევრი მექანიზმი - ეს შესაძლოა იყოს მაგალითად, საგარანტიო თანხის განთავსება დეპოზიტზე ქონების დაზიანების, ხელშეკრულების დარღვევის ან ქირის ფასის ვადაგადაცილების შემთხვევებისთვის. მაგრამ, თუ კანონი კვლავ ასეთ გრძელ ვადაზე გათვლილ სამართალწარმოებას შემოგვთავაზებს, ამას ვერავითარი ხელშეკრულება და შეთანხმება ვერ აღუდგება წინ“, - აღნიშნავს ოთარ კაჭკაჭაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა