„ბაზარზე უფრო მეტი ძველი ბინაა მარაგში“ - რატომ იყიდება ახალაშენებულზე ბევრად მეტი ძველი ბინა თბილისში?
გასულ თვეში, დედაქალაქში ახალაშენებულზე ხუთჯერ მეტი ძველი ბინა გაიყიდა. აღნიშნულს მოწმობს „თიბისი კაპიტალის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტემბრის მიმოხილვა.
-
კერძოდ, 2025 წლის სექტემბერში, თბილისში 611 ახალი ბინა გაიყიდა, მაშინ, როცა ძველი ბინების ტრანზაქციებმა 3258-ს მიაღწია. როგორც წესი, მსგავს კვლევებს თუ დავეყრდნობით, ძველი ბინების ტრანზაქციები ახალაშენულ უძრავ ქონებას სულ სჭარბობს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“„თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ირინე კვახაძემ განუცხადა, „ბაზარზე ბევრად მეტი ძველი ბინაა“.
ირინე კვახაძის თქმით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სტატისტიკა მხოლოდ ახალაშენებული ბინების შესაბამისი მიწოდების არარსებობით ხასიათდება.
„ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ უფრო მაღალია ძველ ბინებზე მოთხოვნა. მოთხოვნას ხშირად მიწოდება განაპირობებს. მაგალითად, მთაწმინდაზე რომ გაჩნდეს ახალი ბინების მიწოდება, გაიყიდება კიდეც, უბრალოდ არ არის. რატომ? - მთაწმინდაზე არ არის ადგილი, სადაც შეიძლება აშენდეს კორპუსი და ამასთან, ისტორიული უბანია. იგივე სიტუაციაა ვაკეშიც. სულ არის მოთხოვნა, რომ არსებობდეს მიწა, რომელიც შეიძლება დეველოპერული კუთხით გამოიყენონ.
ფასებში რომ იყოს არსებითი, ძალიან დიდი, განსხვავება, ან ისეთი სიტუაცია გვქონდეს, რომ ადამიანებს სჭირდებოდეს მზა ბინები, მაშინ ვიტყოდით, რომ ეს იწვევს ამ სტატისტიკურ მონაცემებს და მაგიტომაა მეორად ბაზარზე ასეთი მოთხოვნა, მაგრამ ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბანალური მიზეზი დგას ამ ციფრების უკან.
უფრო კონკრეტულად კი, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების დიდი ნაწილი მაინც 10 წელზე გვიან არის აშენებული, აქედან გამომდინარე, ბაზარზე უფრო მეტი ძველი ბინაა მარაგში,“ - აცხადებს ირინე კვახაძე.