რომელ სექტორში ფიქსირდება გაყიდვების ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მოლოდინი - ლიდერი მშენებლობაა
2025 წლის IV კვარტალში გამოკითხული კომპანიების 19% გაყიდვების ფასების ზრდას ვარაუდობს. ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსის კვლევაშია ნათქვამი.
BAG ინდექსის მიხედვით, III კვარტალში გაყიდვების ფასები უკვე გაზარდა გამოკითხული კომპანიების 21%-მა.
სექტორებს შორის, 2025 წლის III კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს. აღნიშნული მაჩვენებელი 40%-ს აღწევს.
რაც შეეხება მოლოდინებს, 2025 წლის IV კვარტალში, გაყიდვების ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 32% შეადგინა.
კვლევა მოიცავს არა მხოლოდ ფასების, არამედ გაყიდვების მაჩვენებლებსაც. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 55%-მა დააფიქსირა, რომ გაყიდვები გაიზარდა.
რაც შეეხება 2025 წლის IV კვარტლის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 62% ფიქრობს, რომ მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო 32% ამ მხრივ ცვლილებას არ მოელის.
გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, 2025 წლის III კვარტლის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად ვაჭრობის (62%) და მომსახურების სექტორებში (60%) აფასებენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად - მშენებლობის სექტორში (33%).