"მოსალოდნელია აპარტამენტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა" - რომელ ქალაქში პროგნოზირებენ გასაქირავებელი ბინების გაორმაგებას
2029 წლისთვის ბათუმში აპარტამენტების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაშია ნათქვამი.
გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, დასახელებული წლის ბოლოსთვის, ბათუმში მოკლევადიანი ქირის აპარტამენტების რაოდენობა გაორმაგდება.
კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე ზღვისპირა ქალაქში 18 000-დან 20 000-მდე გასაქირავებელი აპარტამენტია, 2029 წლის ბოლომდე კი ეს მაჩვენებელი 40 000-ს მიაღწევს. პროგნოზის თანახმად, იმისთვის, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში არსებული დატვირთულობა შენარჩუნდეს, ტურისტული ნაკადების 15%-იან წლიური ზრდა ან დარჩენის ხანგრძლივობის მატება იქნება აუცილებელი..
ამასთან, ბათუმში ბოლო წლებში უკვე გაორმაგდა ქსელური სასტუმრო ოთახების რაოდენობა, რაზეც ტურიზმის ზრდით დაინტერესებულმა ინვესტორების აქტივობამ იქონია გავლენა. მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, 2019 წელს ქსელური სასტუმრო ოთახების რაოდენობა 1522 იყო, 2024 წელს კი აღნიშნული მონაცემი 4079-ს შეადგენდა.
ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2025-29 წლებში ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი.