"დიპლომი არ ნიშნავს შესაბამის კვალიფიკაციას - შრომის ბაზარს რეგულაცია სჭირდება“ - დამსაქმებელთა ასოციაცია კადრების დეფიციტზე
„დიპლომი არ ნიშნავს შესაბამის კვალიფიკაციას - შრომის ბაზარს რეგულაცია სჭირდება“ - დამსაქმებელთა ასოციაცია კადრების დეფიციტზე„დიპლომი არ ნიშნავს შესაბამის კვალიფიკაციას - შრომის ბაზარს რეგულაცია სჭირდება“ - დამსაქმებელთა ასოციაცია კადრების დეფიციტზე
„პრობლემაა, რომ ძალიან კარგი სოციალური გარანტიებია ჩვენს ქვეყანაში. სამუშაოს მაძიებლებისთვის კი უფრო მეტი მოტივაცია გვჭირდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სამშენებლო სექტორში არსებულ კადრების დეფიციტზე დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, სამშენებლო სექტორში არსებულ მუშახელის დეფიციტზე „ბიზნესპრესნიუსთან“ დეველოპერული კომპანია „არსის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა. ბესო ორთოიძემ აღნიშნა, რომ კადრების ნაკლებობა ამ ეტაპზე სექტორისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რაც შემდგომში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ზრდაზე ახდენს გავლენას.
როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, კადრების დეფიციტი არა მხოლოდ სამშენებლო სექტორში, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც შეინიშნება. მისივე თქმით, პრობლემის გამომწვევი მიზეზი როგორც სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაცია, ასევე დამსაქმებლების მიერ შეთავაზებული დაბალი შრომითი ანაზღაურებაა.
„ბაზრის მექანიზმები არის დასარეგულირებელი. დამსაქმებლები ამბობენ, რომ ბევრი სამუშაო ადგილი გვაქვს და არ მოდიან, სამუშაოს მაძლიებლების პოზიციით კი, არ არის შესაბამისი ანაზღაურება. ორივე მხარე ნაწილობრივ მართალია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ შესაბამის ანაზღაურებას სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაცია, კვალიფიკაციის თემა კი არ არის ქვეყანაში დარეგულირებული. დიპლომის აღება არ ნიშნავს შესაბამის კვალიფიკაციას.
ყველაფერი მიდის მაინც შრომის ბაზრის რეგულირებამდე. ბაზარი არეგულირებს, აქ ვერავინ ვერ ჩაერევა ზედმეტად. თუმცა სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ხელშემწყობი და არის კიდეც. მაგალითად, სახელმწიფო აფინანსებს პროფესიულ განათლებას. მაგრამ პროფესიული განათლება დამსაქმებლების ნაწილისთვის არ არის მისაღები. დიპლომი ყველას არ აინტერესებს, აინტერესებთ ნამდვილად თუ აქვს კადრს შესაბამისი უნარები. ზოგადად, პრობლემაა ისიც, რომ ძალიან კარგი სოციალური გარანტიებია ჩვენს ქვეყანაში, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ სამუშაოს მაძიებლებისთვის უფრო მეტი მოტივაცია გვჭირდება. რა თქმა უნდა, მერე უკვე მივდივართ შესაბამის ანაზღაურებამდე.
ძალიან სერიოზული თემაა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკა და სამწუხაროდ, არავინ ინტერესდება ამ პოლიტიკით. ეს ითვალისწინებს ღირსეულ შრომას არა მხოლოდ დასაქმებულისთვის, არამედ დამსაქმებლებისთვისაც. როგორც საბანკო სექტორს სჭირდება რეგულაცია, ისე სჭირდება შრომის ბაზარსაც. თუმცა ეს მხოლოდ მთავრობის გასაკეთებელი არაა, ეს არის გასაკეთებელი სამმხრივად. როგორც ჩვენნაირი დამსაქმებელთა ორგანიზაციების, ისე პროფესიული კავშირების და მთავრობის ერთობლივი საქმეა. სოციალური დიალოგი ქვია ამას და იმ ვროპულ ქვეყნებში, ძალიან რომ მოგვწონს, ბიზნესიც რომ მდგრადია და ღირსეული შრომაა მეტწილად, სწორედ ეს სამმხრივი დიალოგი მუშაობს“, - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.