სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმები დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით აღარ განისაზღვრება - კანონპროექტი
სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმები დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით აღარ განისაზღვრება - შესაბამისი კანონპროექტი "ოცნების" მთავრობამ პარლამენტში უკვე წარადგინა. ცვლილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში უნდა შევიდეს.
საქმე ისაა, რომ კოდექსის მოქმედ რედაქციაში სამშენებლო სამართალდარღვევებისთვის დადგენილი ჯარიმების ოდენობა არის დიფერენცირებული იმის მიხედვით, თუ სად ჰქონდა ადგილი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, “საქართველოს ტყის კოდექსითა” და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, თვითმმართველ ქალაქში, მუნიციპალიტეტის დასახელებაში - ქალაქში თუ მუნიციპალიტეტის დასახელებაში - დაბაში ან სოფელში.
ამასთან, განმარტებითი ბარათის თანახმად: კოდექსის მოქმედი რედაქციით, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დადგენილი დიფერენცირებული ჯარიმების ოდენობები სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან და სამართალდარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ქმნის გარკვეულ დისბალანსს.
კოდექსის 43-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის წარმოება, თვითმმართველ ქალაქში 3 000 ლარით, მუნიციპალიტეტის ქალაქში - 2 000 ლარით, ხოლო დაბა/სოფელში - 200 ლარით ჯარიმდება.
ინიციირებული კანონპროექტით კი, მიღების შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობისთვის დადგენილი ჯარიმა საკუთრების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ:
უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
გარდა ამისა, კოდექსის 49-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა:
სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, “საქართველოს ტყის კოდექსითა” და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზი - ჯარიმდება 30 000 ლარით;
- თვითმმართველ ქალაქში ჯარიმდება - 500 ლარით;
- მუნიციპალიტეტის ქალაქში ჯარიმდება - 200 ლარით;
- დაბაში ან სოფელში ჯარიმდება - 50 ლარით.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტის თანახმად, იგივე დანაშაული - მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა - დაჯარიმდება 30 000 ლარით, განურჩევლად დანაშაულის ჩადენის ადგილისა.