საჯარო რეესტრმა Eagle Hills-ს ამონაწერის მომზადებაზე უარი უთხრა და 30-დღიანი ვადა მისცა - მიზეზები
საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა, რათა დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
Eagle Hills-მა 18 ნოემბერს საჯარო რეესტრს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მიმართა. წარდგენილი ცვლილებებით აღნიშნული იყო კომპანიის კაპიტალის ცვლილება და A და B კლასის წილების გამოშვება. თუმცა, 19 ნოემბერს, საჯარო რეესტრმა მიუთითა, რომ დოკუმენტით მოთხოვნილი ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.
"წარმოდგენილ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და წესდებაში ნებადართული და განთავსებული კაპიტალი არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო ნებადართული კაპიტალ 1 000 ლარი. „მეწარმეთა შესახებ „ საქართველოს კანონის თანახმად ნებადართული კაპიტალი არის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, სადამფუძნებლო შეთანხმებაში ,კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობად 1 000 ლარის მითითება ეწინააღმდეგება განთავსებული კაპიტალის ოდენობას.
ასევე წესდების 3.2 მუხლის ეწინააღმდეგება სადამფუძნებლო შეთანხმებასა და გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის განთავსებული წილი, ხოლო წესდებაში მითითებულია, რომ საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის გამოშვებული წილი,"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ კომპანიის მფლობელი - იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის რეგისტრირებული, თანხმობას გამოთქვამს რომ მისი აქციების 33.33%-ის მფლობელი გახდეს საქართველოს მთავრობა.
"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება.