თეგებით ძიება

უარის შემდეგ, Eagle Hills-მა საჯარო რეესტრში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა

დღეს საჯარო რეესტრმა "Eagle Hills საქართველოს" კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე და ამონაწერის განახლებაზე უარი უთხრა და კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა, რათა დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

კომპანიამ განახლებული დოკუმენტაცია, მათ შორის შეცვლილი სახით სადამფუძნებლო შეთანხმება საჯარო რეესტრის ვებგვერდზე უკვე ატვირთა და ამჟამად რეესტრის მიერ ცვლილების რეგისტრაციაზე თანხმობას ელოდება.

Eagle Hills-მა 18 ნოემბერს საჯარო რეესტრს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მიმართა. წარდგენილი ცვლილებებით აღნიშნული იყო კომპანიის კაპიტალის ცვლილება და A და B კლასის წილების გამოშვება. თუმცა, 19 ნოემბერს, საჯარო რეესტრმა მიუთითა, რომ დოკუმენტით მოთხოვნილი ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.

დღეს წარდგენილი განახლებული სადამფუძნებლო შეთანხმებით, კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა ასეთი იქნება:

  • ნებადართული წილები: საზოგადოებას აქვს 1 000 ცალი ნებადართული B კლასის წილი 8 კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს;
  • ნებადართული კაპიტალი: 11 000 ლარი;
  • წილების კლასები: საზოგადოებას აქვს განთავსებული A კლასის და ნებადართული B კლასის წილები. A კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. B კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი განთავსებული A კლასის წილი საზოგადოებას B კლასის წილები არ განუთავსებია.
  • განთავსებული კაპიტალი: საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს.

ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული სახით საჯარო რეესტრი კომპანიის მიერ მოდიფიცირებულ კაპიტალის მაჩვენებლებს.

"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა