თეგებით ძიება

დეველოპერებისთვის ახალი მოსაკრებლის შემოღებით, დაჯარიმების პროცესი ჩქარდება - ნახეთ რას ამბობს იურისტი?

სამშენებლო სამართლის სპეციალისტ უჩა ზაქაშვილის შეფასებით, დეველოპერებისთვის ახალი მოსაკრებლის შემოღებით, დაჯარიმების პროცესი ჩქარდება, მუნიციპალიტეტებს კი ბიუჯეტების შევსების შესაძლებლობა უჩნდებათ. ამის შესახებ მან "საქმის კურსთან" „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

"ქართული ოცნების" აპარატის ავტორობით პარლამენტში შესული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში ბიზნესს ახალი მოსაკრებლის გადახდა მოუწევს - პროცედურების დაჩქარებული წესით განხილვის ღირებულება 40 000 ლარამდე იქნება. მოსაკრებლის ოდენობას კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.

არსებული პრაქტიკით, იმ შემთხვევაში თუ მშენებლობის წარმოებისას სანებართვო პირობები დაირღვევა, დეველოპერს შეუძლია დანაშაული აღიაროს, ჯარიმა გადაიხადოს და დარღვევის კორექტირების შემთხვევაში ახალი ნებართვა მიიღოს. ახალი მოსაკრებლით პროცედურები ჩქარდება.

"საქმის კურსთან" საუბრისას უჩა ზაქაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მოსაკრებლის მოცულობის განსაზღვრა საკრებულოს კომპეტენცია იქნება.

“ეს მოსაკრებელი ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ჩადენილია დარღვევა და დამრღვევი ეთანხმება დარღვევის შინაარსს.

კოდექსი ითვალისწინებს დამრღვევის უფლებას, ასეთ შემთხვევაში დაჩქარებული ჯარიმის მიღების უფლებით ისარგებლოს, რადგანაც ნებართვის აღების შემდგომი პროცედურები კანონის ფარგლებში დაჩქარდეს.

თუ დამრღვევი განცხადებას დღეის მდგომარეობით დაწერდა, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებული იყო მისულიყო და ასეთი ტიპის დამრღვევი დაჩქარებული წესით დაეჯარიმებინა, რაც ამ ტიპის ბიზნესს პროცედურულად ხელს უწყობდა სანებართვო დოკუმენტაცია სწრაფად მიეღო.

ამ ცვლილებით, შინაარსობრივად პრაქტიკულად შემოაქვთ დაჯარიმების დაჩქარების გადასახადი. რა ოდენობის იქნება, უნდა გადაწყვიტოს უკვე საკრებულომ. ეს შეიძლება იყოს 500 ლარი, შეიძლება იყოს 1000 ლარი, თუმცა შინაარსობრივად ეს ჯარიმის დაჩქარების გადასახადს გულისხმობს”, - ამბობს სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა