თეგებით ძიება

რატომ იზრდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების მომსახურების საფასური?

მიმდინარე კვირაში პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი დარეგისტრირდა, რომლითაც, დამტკიცების შემთხვევაში, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი, არსებული 4 500-ის ნაცვლად, 40 000 ლარამდე გაიზრდება.

ინიციატივის ავტორი „ქართული ოცნების“ აპარატია, ხოლო ინიციატორებად საპარლამენტო უმრავლესობის 17 დეპუტატი არიან მითითებული. პაკეტი მომზადებულია თბილისის მერიის ჩართულობით.

როგორც მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი გოგა ჩიქოვანი BMG-ის კითხვის საპასუხოდ განმარტავს, გადასახადი, რომელიც აქამდე იყო დაწესებული, აღარ პასუხობს დღევანდელ მოცემულობას, რის გამოც მისი გაზრდის საჭიროება დადგა.

"დაჩქარებული მომსახურება არსებობდა, თუმცა იყო იმდენად მცირე, წლების წინ მიღებული ტარიფები, რომ დღევანდელ მოცემულობას ვერ პასუხობდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და ასევე, კომპანიების მხრიდანაც იყო ამ მიმართულებით მოთხოვნა, რომ დღევანდელ მოცემულობას პასუხობდეს აღნიშნული ტარიფები და შესაბამისად, სერვისიც უკეთესად მიეწოდოთ კომპანიებს. ეს იყო აღნიშნული ინიციატივის მიზეზი. ყოველთვის ხდება გადახედვა ცალკეული საკითხების, მათ შორის ფინანსური სანქციებისაც. ანალოგიურად არის, როცა რაღაც ტიპის სერვისს ვთავაზობთ და მცირეა ამ სერვისის საფასური, მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან როგორც ადმინისტრაციულ, ასევე ადამიანურ რესურსს გამოყოფს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ ვერ პასუხობს ეს ტარიფი დღევანდელ მოცემულობას, ხდება ამის გადახედვა", - განაცხადა გოგა ჩიქოვანმა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანი ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაცია და მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი შემოსავლების უზრუნველყოფაა.

ამავე საკანონმდებლო ინიციატივით წესდება ახალი მოსაკრებელი, სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში, უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურებისთვის.

შესაბამისად, თუ მშენებლობა განხორციელებულია სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით, ან საერთოდ მის გარეშე და დამკვეთი აღიარებს ამ დარღვევას, შესაბამისი აქტის გაცემაზე მოსაკრებელი მინიმუმ 4 500 ლარი და მაქსიმუმ 40 000 ლარი იქნება.

BMG-ის კითხვაზე, რამდენად აჩქარებს ახალი მოსაკრებელი იმ პროცედურას, რომელიც სამართალდარღვევის ჩამდენმა კომპანიამ უნდა გაიაროს, გოგა ჩიქოვანი პირდაპირ არ პასუხობს. მისი თქმით, "დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი" დარღვევების პრევენციას შეუწყობს ხელს.

"ჩვენ შევთავაზეთ დაჩქარებული სერვისი იმ კომპანიებს, ვინც თავად არიან დაინტერესებული, რომ დაჩქარებულად მოახდინონ თავიანთი სამშენებლო ობიექტის გადამოწმება შეთანხმებულ პროექტთან. შესაბამისად კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაჩქარებული სერვისის გადახდის შემთხვევაში, მოახდინონ უკვე მიმდინარე მშენებლობის დროს თავიანთი სამშენებლო ობიექტის გადამოწმება და შეამოწმონ სანებართვო პირობებთან შესაბამისობა. ეს შეიძლება რამდენჯერმეც მოხდეს მიმდინარე პროცესში. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული სერვისის შეთავაზება, რომ ერთი მხრივ მოახდინონ პრევენცია დარღვევების და მეორე მხრივ, კეთილსინდისიერ კომპანიებს ვაძლევთ დამატებით მექანიზმებს, რომ სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და უკვე როცა დაასრულებენ მშენებლობას და მოგვმართავენ ექსპლუატაციაზე, ვთქვათ, დაზღვეული იყვნენ დარღვევებისგან და იმისგან, რომ შემდგომში რაღაც მიზეზის გამო ვერ მოხდეს ექსპლუატაციაში მიღება", - განმარტავს გოგი ჩიქოვანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა