თეგებით ძიება

თბილისში, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო 28 მილიონ ლარად გაიყიდა - მ² 621 დოლარად

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით აუქციონზე თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 28.2 მილიონ ლარად გაყიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებდა.

ობიექტის თავდაპირველი აუქციონი ნოემბერში გამოცხადდა და მასში 16 837 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 40,676,000 ლარად იყიდებოდა. თუმცა აუქციონი ვერ შედგა, რის გამოც დეკემბერში ის განმეორებით გამოცხადდა და მასში საწყისი ფასი 28,200,000 ლარი იყო. Eauction-ის სისტემის თანახმად, აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტედენტი მონაწილეობდა და მყიდველმა ქონება ერთი ბიჯის გაკეთებით - 28,210,000 ლარად შეიძინა, რაც კვადრატულ მეტრზე 621 დოლარის ტოლფასია.

ქონება განთავსებულია გმირთა მოედნის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარედ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, რაც ნიშნავს, რომ მომავალ მფლობელს მოუწევს შესაბამისი ნორმების დაცვა. ჯერჯერობით საკადასტრო მონაცემებში მფლობელის ცვლილება არ ასახულა. გამარჯვებულმა თანხის ნახევარი 14 მილიონი ლარი 2025 წლის 24 დეკემბრამდე უნდა დაფაროს, მეორე ნახევარი კი მომდევნო 30 დღის ვადაში, რისი გადახდის შემდეგაც ობიექტი კერძო საკუთრებაში დარეგისტრირდება.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მონაწილემ უნდა გადაიხადოს თანხა ერთთვიან ვადაში და ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს, რომ ამ ტერიტორიით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა ექნება შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს“.

ამასთან, მიმდინარე წლის აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ ამ საავადმყოფოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადატანის მიზნით 40 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, 2025 წლის 4 ივნისს სამინისტრომ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით საავადმყოფო კვლავ არსებულ ტერიტორიაზე აგრძელებს ფუნქციონირებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა