თეგებით ძიება

ნოემბერში, თბილისში ახალი პროექტების ტრანზაქციები წლიურად 4%-ით გაიზარდა - Colliers

2025 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,773 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 2.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 12%-ით, 299 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებიდან ირკვევა.

უფრო დეტალურად, ნოემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 9.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა ძველ პროექტებში.

ამასთან, ნოემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 10%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 22.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

"ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 24%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე 20.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ფართო ცენტრში შედარებით ნაკლები ტრანზაქცია დაფიქსირდა და, ასევე, მეორეულ ბაზარზე გამოვიდა ახალდასრულებული ძვირიანი პროექტები. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.3% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10.1%-ით გაიზარდა",- აღნიშნულია Colliers Georgia-ს კვლევაში.

ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 18.4%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 2.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდა მოხდა ძირითადად ჩუღურეთისა და ისანის ხარჯზე, ფასის ზრდაზე გავლენა იქონია, რამდენიმე ტრანზაქციამ, ერთ კონკრეტულ პროექტში, რომელთა გარეშეც ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 8.8% შეადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა