თბილისში 1 კვ.მ ბინის ფასი წლიურად 109 დოლარით გაძვირდა - როგორი იყო ფასები ნოემბერში
2025 წლის ნოემბერში თბილისში 3 773 ერთეული საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 2.2%-იანი ზრდაა - ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.
რაც შეეხება ფასებს, მიმდინარე წლის ნოემბერში დედაქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 199 დოლარი იყო, ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე თვეში 1 კვ.მ ბინის ფასი საშუალოდ 1 090 დოლარს შეადგენდა.
„2025 წლის ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 18.4%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 2.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდა მოხდა ძირითადად ჩუღურეთისა და ისანის ხარჯზე, ფასის ზრდაზე გავლენა იქონია, რამდენიმე ტრანზაქციამ, ერთ კონკრეტულ პროექტში, რომელთა გარეშეც ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 8.8% შეადგინა.
მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 9.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა ძველ პროექტებში“, - ვკითხულობთ „ქოლიერსის“ კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ბაზრის ზომა 12%-ით, 299 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.