უბნები თბილისში, სადაც ყველაზე ძვირიანი/იაფიანი ბინები იყიდება
თბილისში, 2025 წელს გაყიდვებში ძვირად ღირებული ბინების წილი, სხვა უბნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევიდან ირკვევა.
კვლევაში თანდართულ გრაფიკზე, რომელზეც ტრანზაქციების განაწილება საფასო კატეგორიებისა და უბნების მიხედვითაა მოცემული, ვხედავთ, რომ მთაწმინდაზე გაყიდული ბინების 33%-ში კვადრატულის საფასური 2 500 აშშ დოლარზე მეტი იყო.
დედაქალაქის უბნების ტოპ-სამეული, სადაც გაყიდვებში ძვირად ღირებული ბინების (1კვ.მ. 2500 აშშ დოლარზე მეტი) წილობრივი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ასე გამოიყურება:
მთაწმინდა - გაყიდული ბინების 33% მაღალი საფასო კატეგორიისაა;
ვაკე - გაყიდული ბინების 24 % მაღალი საფასო კატეგორიისაა;
საბურთალო - გაყიდული ბინების 8% მაღალი საფასო კატეგორიისაა.
რაც შეეხება შედარებით დაბალ ბიუჯეტურ საცხოვრებელ ფართებს, ყველაზე დაბალ საფასო კატეგორიად კვლევაში კვ.მ-ზე 900 აშშ დოლარამდეა მითითებული.
"თიბისი კაპიტალის" თანახმად, სხვა უბნებთან შედარებით, სამგორში ჯამურად გაყიდულ ბინებში იაფიანი საცხოვრებელი ფართების წილი ყველაზე მაღალი იყო და 27%-ს შეადგენდა.
დედაქალაქის უბნების ტოპ-სამეული, სადაც გაყიდვებში დაბალ ბიუჯეტური ბინების (1კვ.მ. 900 აშშ დოლარზე ნაკლები) წილობრივი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ასე გამოიყურება:
სამგორი - გაყიდული ბინების 27% დაბალი საფასო კატეგორიისაა;
გლდანი - გაყიდული ბინების 22% დაბალი საფასო კატეგორიისაა;
ნაძალადევი - გაყიდული ბინების 20% დაბალი საფასო კატეგორიისაა.
ცნობისთვის, ამავე კვლევის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში თბილისში 3,627 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ნოემბრის მაჩვენებელს 2%-ით აღემატება. ბინის საშუალო გასაყიდი ფასი 1,341 აშშ დოლარს გაუტოლდა კვადრატულ მეტრზე და წლიურად 4%-ით გაიზარდა. ხოლო წინა თვესთან შედარებით, 0.4%-ით შემცირდა.