მშენებლობა გაძვირდა - ძირითადი მიზეზი დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა
2025 წლის ნოემბერში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.9%-ით.
ამასთან, არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაზრდილია 1.7%-ით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 10.7%-ით.
ხოლო სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი, საქსტატის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4%-ით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი გაიზარდა 0.9%-ით.
როგორც საქსტატი განმარტავს, მშენებლობის ინდექსის თვიურად 0.5%-იანი ზრდა განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3%-იანი ზრდით, რამაც 0.43%-იანი ცვლილება შეიტანა ჯამური ინდექსის ზრდაში.
რაც შეეხება მშენებლობის ინდექსის 5.2%-იან წლიურ ზრდას, საქსტატის მიხედვით, ეს ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21%-იანი მატებითა და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 5.02 და 0.3 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.