საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ტოკენიზაციის დანერგვა იგეგმება - რა შეიძლება შეიცვალოს?
უძრავი ქონების სექტორში ტოკენიზაციის პროცესის დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.
კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კომპანიის PRYPCO-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ ამირა საჯვანის შეხვდა.
როგორც უწყება განმარტავს, შეხვედრისას საუბარი შეეხო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე სამომავლოდ, ტოკენიზაციის პროცესის დანერგვას.
ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ თუ დღეის მდგომარეობით უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მისი გადაცემა ხდება ნოტარიუსის, ხელშეკრულების, რეესტრის მეშვეობით, ტოკენიზაციის შემთხვევაში უძრავ ქონებას მიენიჭება ციფრული ტოკენები. ეს ტოკენები წარმოადგენს საკუთრებას, ან მასში წილს. შესაბამისად, ქონების გასხვისებაც ტოკენის გადაცემით მოხდება.
როგორც წესი, ტოკენიზაცია ერთდროულად ბევრ ადამიანს აძლევს საშუალებას ერთ ქონებაში განახორციელოს ინვესტიცია. ამასთან, ყველა ოპერაცია ჩანს ბლოკჩეინზე, შესაბამისად, რაიმეს გაყალბების ალბათობა ნაკლებია.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, ასევე ტურისტულ პოტენციალს და სხვადასხვა სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
კომპანიის დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა ბიზნესისადმი საქართველოში არსებულ მეგობრულ გარემოს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, PRYPCO-სა და საქართველოს მთავრობას შორის უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და PRYPCO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ამირა საჯვანიმ.
პროექტი მიზნად ისახავს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისებას და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო და გამჭვირვალე ტოკენიზაციის პროცესის დანერგვას.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამართლებრივ და ტექნოლოგიურ საკითხებში, შეისწავლიან საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის განვითარების შესაძლებლობებს და საჯარო სერვისების სისტემებთან მის თავსებადობას”, - ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.