თბილისში, 2025 წელს 42 000-ზე მეტი ბინა გაიყიდა
2025 წელს, თბილისში, ჯამურად 42 388 უძრავი ქონების ტრანზაქცია დაფიქსირდა, რამაც ღირებულებაში 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. როგორც Galt&Taggart-ში აღნიშნავენ, წლის პირველ 4 თვეში არსებული შემცირების შემდეგ, წელი სექტორისთვის როგორც ფასის, ისე გაყიდვების მხრივ პოზიტიური იყო.
გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას, კომპანიის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა აქცენტი გაცემულ ნებართვებზე გააკეთა, რომელიც 2025 წლის 11 თვის ჭრილში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით შემცირდა. საინვესტიციო ბანკში ფიქრობენ, რომ მსგავსი ტენდენციის შენარჩუნება 2026 წელს ფასის ზრდისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება.
„2025 საკმაოდ ცვალებადი და საინტერესო, მაგრამ საბოლოოდ ძლიერი წელი გამოდგა. ჯამურად თბილისში 42,000 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც ღირებულებაში 3.5 მლრდ დოლარია. პირველი ოთხი თვე, გაუარესებული მოლოდინების და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, გაყიდვები, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე, დაახლოებით 5%-დან 10%-მდე ყოველთვიურად მცირდებოდა. თუმცა მაისიდან ჩვენ ვიხილეთ მოთხოვნის აღდგენის პირველი ნიშნები და წლის ბოლოს შეგვიძლია თამამად ვთქვათ უკვე, რომ მოთხოვნა სრულად აღდგა. პირველადმა ბაზარმა 20- 25%-მდე წლიური ზრდა დააფიქსირა, მეორად ბაზარზე ეს უფრო ნაკლები - 3%-ი იყო.
რაც შეეხება მიწოდების მხარეს, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ვხედავთ გაზრდილი მიწოდების რისკებს, რადგან პირველი ცხრა თვის განმავლობაში თითქმის ყოველ თვე წლიური ზრდა ფიქსირდებოდა გაცემულ ნებართვებში. თუმცა ოქტომბერი-ნოემბერში ეს სურათი შეიცვალა და კლება ორი თვე ზედიზედ დაფიქსირდა. ამ დროისთვის 11 თვის მონაცემები გვაქვს, რომლის მიხედვითაც 4%-იანი წლიური კლებაა.
მიწოდების შენელება პირდაპირ აისახა ფასებზეც. მთელი წლის განმავლობაში თუ ძალიან ნელი ტემპით იზრდებოდა ფასები, ეს იყო ყოველთვიური 0.2%, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერში ეს ზრდა დაჩქარდა და ვიხილეთ 0.7%-იანი მატება, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებართვების კლება 2026 წელსაც უნდა გაგრძელდეს, რათა ფასმაც შეინარჩუნოს ეს წლიური 4-5%-მდე ზრდა.“ - განაცხადა თავყელიშვილმა.